ახალი ამბები

”რეაბილიტაცია ფასადებს მიღმა”

11 მაისი, 2012 •
”რეაბილიტაცია ფასადებს მიღმა”

თბილისის მერიამ 2005-2011 წლებში თბილისის რეაბილიტაციისთვის ორ ფონდს, ჯამში, 288 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა, თუმცა, ვინ, როგორ და რა პრინციპით გამოიყენა ეს თანხა, ბუნდოვანია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 11 მაისს, გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით ”რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა”. საია თვეების მანძილზე იკვლევდა, როგორ შექმნა საქართველოს ხელისუფლებამ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის განვითარების ფონდები, როგორ რიცხავდა ასეულობით მილიონ ლარს აღნიშნულ ფონდებში ისე, რომ არც კი ინტერესდებოდა ამ თანხების ხარჯვის მიზნობრიობით. ”ახალგაზრდა იურისტებმა” აღნიშნული კვლევა საკანონმდებლო ბაზის ანალიზის, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და სხვადასხვა კერძო სტრუქტურებში დაცული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ჩაატარეს.

როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი, სულხან სალაძე აცხადებს, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ქალაქების განვითარების ფონდებისთვის გადარიცხული თანხის შესახებ ხელისუფლებისგან ინფორმაციის მოპოვება, თავად ეს ფონდები კი არანაირ ინფორმაციას არ იძლეოდნენ.

ხელისუფლებამ 2005 წლიდან 2011 წლის ჩათვლით სულ ოთხი ფონდი შექმნა: ”ძველი ქლაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი”, ”თბილისის განვითარების ფონდი”, ”ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების ფონდი” და ”ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი”. დამფუძნებლებისგან აღნიშნულ ფონდებს იდენტური უფლებამოსილებები მიენიჭათ, მათ ასევე საკუთარებაში გადაეცათ სხვადასხვა ღირებულების უძრავი ქონება, ასევე, მათ მიენიჭათ უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგათ ის ასეულობით მილიონი ლარი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტისგან წლების მანძილზე იღებდნენ. აღნიშნული ფონდები საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტდნენ, რომელ სამშენებლო კომპანიებს უნდა განეხორციელებინათ სახელმწიფო დაკვეთები და დაეწყოთ ქალაქების რეაბილიტაცია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ აღნიშნული ფონდები სახელმწიფოს მხრიდან გადაცემულ ქონებას ასევე საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდნენ.

საიას მიერ შესწავლილი დოკუმენტაციიდან ასევე ირკვევა, რომ თბილისის მერიამ სამჯერ შეცვალა ”ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის” გამგეობის წევრთა რაოდენობა. სხვადასხვა დროის მანძილზე მის შემადგენლობაში იყვნენ: მამუკა ახვლედიანი, ხათუნა ოჩიაური, ეკა შარაშიძე, ლაშა ფურცხვანიძე, ასევე სერგო ქავთარაძე და ა.შ.

2010 წელს ”ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდმა” დააფუძნა ”თბილისის განვითარების ფონდი”, 2011 წლის გაზაფხულზე კი ”ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის” ლიკვიდაცია მოხდა და მისი ქონება ”თბილისის განვითარების ფონდს” გადაეცა.

”თბილისის განვითარების ფონდის” გამგეობის შემდაგენლობა ცხადყოფს, რომ მისი დაკომპლექტების დროს თბილისის მთავრობამ, როგორც თბილისის მერიის წარმომადგენელმა, აქცენტი თბილისის მერიისა და საკრებულოს შესაბამისი თანამდებობის პირებსა და რაიონების გამგებლებზე გააკეთა,” – ასკვნის ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს 5 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საფუძველზე გამოიკვლია, რა თანხა გადაეცა შესაბამის ფონდებს თბილისის განვითარებისთვის. ეს თანხა 2005 წელს მხოლოდ 150 ათასი ლარი იყო, ყოველ შემდეგ წელს კი მისი რაოდენობა კოლოსალურად იზრდებოდა.

საიამ დედაქალაქის მერიისგან სცადა გაერკვია, რა თანხა გადაეცა ”ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს” 2006-07 წლებში, თუმცა ორგანიზაციას მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გაცნობა ურჩიეს, მაგრამ  იქ ეს ინფორმაცია დაცული არ აღმოჩნდა.

2007 წლის თბილისის ბიუჯეტში კი ძველი თბილისის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის 26.6 მილიონი ლარი გამოიყო. 2008 წელს ეს თანხა  65 მილიონამდე გაიზარდა, საიდანაც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში მხოლოდ 17 მილიონის ხარჯვის აღწერაა შესული.

2009 წელს ფონდისთვის გადარიცხულმა თანხამ 106 მილიონი შეადგინა, 2010-ში – 134 მილიონი, 2011 წლის მონაცემების მოძიება კი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ვერ მოახერხა. საიამ ასევე ვერ მიაკვლია ინფორმაციას, კონკრეტულად რაში დახარჯა ფონდმა ასეულობით მილიონი, რომელ კომპანიებს ანდო სარეაბილიტაციო სამუშაოები და რა პრინციპით შეარჩია ისინი.

საიამ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში ყურადღება ასევე გაამახვილა თბილისის მთავრობის მიერ რიყის ტერიტორიის გაყიდვის ფაქტზე. კერძოდ, თბილისის მთავრობამ 2006 წელს რიყის ტერიტორია – 43.350 კვ.მ,  შპს ”ახალ რიყეს” 7 მილიონ ლარად მიყიდა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის დაფუძნებული იყო.  წლების მანძილზე ”ახალი რიყის” ხელმძღვანელობა არაერთხელ შეიცვალა. თბილისის ხელისუფლებამ კი შპს ”ახალი რიყესგან” რიყის მიმდებარე ტერიოტორია 17 მილიონად გამოისყიდა 2008 წელს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა 10 მილიონით იზარალა, მოგებული კი დარჩა შპს ”ახალი რიყე”.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ თანხების ხარჯვა თბილისის რეაბილიტაციისთვის არაგამჭვირვალე პროცესია, თუმცა  მთავარი პრობლემა კანონმდებლობაშია, რომელიც თბილისის მერიას განუსაზღრელ ძალაუფლებას ანიჭებს და მის ზემოთ აღწერილ ქმედებებს სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს. 

საიას კვლევის შემდეგ, რომელიც ”ღია საზოგადოების ინსტიტუტმა” დააფინანსა, სასტუმრო ”რადისონში” სტუდია ”მონიტორის” საგამოძიებო ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სწორედ თბილისის რეაბილიტაციას ეხებოდა. ფილმის ავტორი ჟურნალისტი ნანა ბიგანიშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი