საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, დეპუტატს რეგლამენტის დარღვევის გამო უმსუბუქდება სანქციები, ხოლო სხდომებისთვის ბოიკოტირების ნორმა ახლებურად განისაზღვრება.
116 გვერდიან დოკუმენტზე 9 თვის განმავლობაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის თანამშორმლები მუშაობდნენ.
დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს რეგლამენტის ცვლილებები.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების მიხედვით, თუ კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, აღნიშნულ პირს დაუკავდება თანხა ხელფასის 20 % ოდენობით.
დღევანდელი რედაქციით კი პარლამენტარს რეგლამენტის დარღვევისთვის უნდა დაუკავდეს მთლიანად ერთი თვის ხელფასი.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, არსებული ნორმები საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით მკაცრი და უმოქმედოა, ხოლო ახალი რეგულაციებით ის უფრო შერბილებული და ქმედითი იქნება.
“არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელშიც აღნიშნულია რომ არ შეიძლება ადამიანს დაექვითოს ხელფასის ნახევარზე მეტი თვის განმავლობაში, ასევე მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია რომ რამდენიმე თვით წინასწარ ხელფასის დაქვითვა მოხდეს. შესაბამისად, ამ ნორმებით ქმედუუნაროა ეს საჯარიმო სანქციები”, – აღნიშნა დღევანდელ განხილვაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილმა.
მისივე განცხადებით, საბოლოო შეთანხმება ამ საკითხზე არ არის მიღწეული და მსჯელობა გრძელდება.
მეორე საკითხი, რაზეც დღევანდელ განხილვაზე ყურადღება გამახვილდა, შეეხო სხდომების ბოიკოტირების საკითხს.
რეგლამენტის ცვლილებების პროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება “თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას”.
ასევე ახლებური ფორმით მოხდება პარლამენტარის მიერ სხდომის ბოიკოტირების განსაზღვრაც.
“ყველა ქვეყნის პარლამენტში არის ნორმა ბოიკოტირებისა, მაგრამ არცერთ ქვეყანაში აზრად არავის არ მოსვლია, რომ ეს ბოიკოტი მუდმივ ფორმაში გადაეყვანა. როდესაც ბოიკოტირება ხდება ამა თუ იმ საკითხისა, კონკრეტულად პარლამენტის წევრები ამა თუ იმ ქვეყანაში აცხადებენ, რომელ სხდომაზე არ მიდიან და რა მიზეზით არ მიდიან.
ბევრ ქვეყანაში ბიკოტირებასთან დაკავშირებით არის ასეთი ნორმა, რომ პარლამენტის წევრი რომელიც ბოიკოტს უცხადებს ამა თუ იმ საკითხსა და სხდომას, ის წერილობით აცნობებს პარლამნეტს რომელ საკითხს უცხადებს ბოიკოტს და რა მიზეზით”, – აღნიშნა გოგორიშვილმა და დასძინა, რომ მოქმედ რეგლამენტში ცვლილებების შეტანა ამ მიმართულებით ნიშნავდა იმას, რომ ეს უკავშირდებოდა კონკრეტულ პარტიასა (“ლეიბორისტულ პარტიას”) და კონკრეტულ გვარებს. ამიტომ შევიკავეთ თავი ცვლილებების მიღებისგან.
რეგლამენტის პროექტში სიახლეები შეეხება პარლამენტარების ამომრჩეველთან ურთიერთობის ნაწილსაც.
“მე ვთვლი, რომ ამ რეგლამენტის მნიშვნელოვანი ცვლილება სწორედ ეს არის. დღეს მოქმედი ნორმის მიხედვით, ამომრჩეველთაან ურთიერთობა ნახსენებია, მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარ წევრებთან მიმართებაში და ისიც არასავალდებულო ფორმით. ჩვენი მოსაზრებაა, რომ პარლამენტის წევრი, მიუხედავად იმისა როგორი წესითაა ის
არჩეული, თანაბრად ვალდებულია ამომრჩევლების მიმართ”, – მიიჩნევს გოგორიშვილი.
მისივე განცხადებით, რეგლამენტის პროექტზე დამატებითი შეხვედრები კვლავ გაიმართება ფრაქციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.
თუმცა, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, მათ რეგლამენტის მომზადების პერიოდის განმავლობაში არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ჩართულები ყოფილიყვნენ ამ პროცესებში.
“116 გვერდიანი დოკუმენტის პროექტის საკომიტეტო განხილვის ფორმატი არ იქნება სრულყოფილი, ვინაიდან ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა სამუშაო პროცესში მონაწილეობისა და იმედი მაქვს, რომ შეიქმნება კიდევ ცალკე ფორმატიც, სადაც სამუშაო რეჟიმჟში შევძლებთ ყველა ამ საკითხის დეტალურად განხილვას”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საიას საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა.





