“უნუკორ ჯგუფმა” კერძო ინვესტორებთან ბანკ “როსიისკი კრედიტის” გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას “იტერფაქსი” ბანკის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს. გარიგების თანხა 352 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც მყიდველმა 2012 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა დაფაროს.
ოფიციალური ინფორმაციით, “როსიისკი კრედიტი” აითი კომპანია “ლანიტის” მფლიობელმა გეორგი გენსმა იყიდა. აქციების ნაწილი შეიძინეს ბანკ “გლობექსის” ყოფილმა მფლობელმა ანატოლი მოტილევმა, სადაზღვევო კომპანია “სპასკიე ვოროტას” ყოფილმა მფლობელმა ბორის ხაიტმა. ასევე აქციების ნაწილის მესაკუთრეები გახდნენ: ბორის პასტუხოვი, ვიქტორ ლუკიანოვი და ვლადიმერ ფაეროვიჩი. ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში “როსიისკი კრედიტის” ახალ მფლობელებს შორის აქციების გადანაწილების შესახებ არაფერია ნათქვამი.
შეგახსენებთ, რომ ”უნიკორ ჯგუფის” მფლობელი კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. პოლიტიკაში მოსვლისთანავე, 2011 წლის შემოდგომაზე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთში ბიზნესს გაასხვისებდა. ივანიშვილი რუსეთში ასევე ფლობს ”უნიკორის” შვილობილ კომპანიებს: ”ემ დეველოპმენტს”, ”უნიკორ სერვისს”, ”ინტერ ფინ კაპიტალს”, საინვესტიციო კომპანია ”ინტერ ფინ ტრეიდს”, ასევე აგროსამრეწველო კორპორაცია ”სტოლიანსკაია ნივას და ა.შ. ”ფორბსის” ბოლო მონაცემემბით, ივანიშვილის ქონება 6.6 მილიარდ დოლარს აღწევს.