ახალი ამბებისაზოგადოება

მღებრიშვილი: მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში პოციელების ჩარევას

6 სექტემბერი, 2016 •
მღებრიშვილი: მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში პოციელების ჩარევას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დედაქალაქში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარ დანაშაულებს გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროულად, ცხელ კვალზე გაიხსნა. თუმცა მნიშვნელოვანია მსგავსი დანაშაულების პრევენციაც, რისთვისაც საზოგადოებას სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

მინისტრის განცხადებით, პოლიცია ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან მათ უნდა უზრუნველყონ არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება.  

“მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პოლიტიკური ვნებათაღელვა პიკს აღწევს, მაგრამ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში პოციელების ჩარევას. ვერავინ მოახერხებს მათ დისკრედიტირებას. პოლიცია არის აპოლიტიკური უწყება. ჩვენ ვართ საქართველოს და მისი ყველა მოქალაქის პოლიციელები. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თქვენი უსაფრთხოება ამ პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას. ამდენად, ხაზგასმით ვაცხადებ – პირადად მე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობას, ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის” – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა დღეს, 6 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი