საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ სვანეთის სოფელ მულახის მცხოვრებლებს სახელმწიფომ მათ სარგებლობაში არსებული მიწები საკუთრებაში უნდა გადასცეს.
დღესმ, 6 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი წერს, რომ 6 სექტემბერს, დილით, ხელისუფლების პირველი პირების მიერ რამდენიმეჯერ მოტყუებულმა მესტიის რაიონის სოფელ მულახის მოსახლეობამ სამთო-სათხილამურო კურორტ ,,თეთნულდის” მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დაიწყო.
“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მულახის მოსახლეობას საკუთრებაში დაურეგისტრიროს მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები. მივმართავ საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსს, დაინტერესდნენ მულახის მოსახლეობის გასაჭირით, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთები წარმოადგენს მათი არსებობის ერთადერთ საშუალებას”, აცხადებს ხატიაშვილი.
ხატიაშვილის ცნობით, ხელისუფლების პირველი პირების დაპირების და მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე 2016 წლის 2 სექტემბრამდე სოფელ მულახის მაცხოვრებლებს საუკუნეების განმავლობაში მათ მფლობელობაში არსებული მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთები საკუთერბაში უნდა გადასცემოდათ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ოთხი თვის განმავლობაში მულახის მოსახლეობასთან 6 შეხვედრის პირობებში მოამზადა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი და დაჰპირდა, რომ მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია უნდა დამთავრებულიყო 2 სექტემბრამდე, რაც არ განხორციელდა.
ხოლო მოსახლეობამ დაიწყო საპროტესტო აქცია და მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მიმდინარე სამთო-სათხილამურო კურორტ ,,თეთნულდის” სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სოფელ მულახის მოსახლეობის მოთხვნა არის სამართლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.