საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, “რესპუბლიკელებს” 1%-ზე დაბალი რეიტინგი აქვთ და ამას საზოგადოება სწორად აფასებსო, განაცხადა, რომ “ეს არ არის სახელმწიფოზე ლაპარაკი” და არ აპირებს, ივანიშვილს “ჭორების ტირაჟირებაში აჰყვეს”. 

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩართულია ერთი კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიაში და მე არ მიკვირს, რომ იგი საუბრობს აღმატებულ ხარისხში მხოლოდ ერთ პარტიაზე, რომლის გამარჯვებისთვისაც ის იბრძვის და იღწვის. ხოლო სხვა დანარჩენს კი, ვინც მისი კონკურენტია ან განსხვავებულ პოზიციაზე დგას, აკრიტიკებს. ბიძინა ივანიშვილს ისეთივე უფლება აქვს აკრიტიკოს სხვა პარტიები, როგორც მე და სხვა პარტიებს”, – განაცხადა დღეს, 5 სექტემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილის თქმით, ის და ბიძინა ივანიშვილი “სახელმწიფოებრივ მიდგომებსა და სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებზე” ხშირად მსჯელობდნენ:

“ეს ის საკითხებია, რომლებზედაც მე ბიძინა ივანიშვილთან საათები მაქვს გატარებული მსჯელობაში, საკითხების განხილვაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ურიგო არ იქნება, თუ ამას საჯაროდაც გავაკეთებ იმიტომ, რომ ეს არ ეხება ბიძინას, არ ეხება დათოს, არ ეხება გიორგის, ეს ეხება, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამიტომ უახლოეს დღეებში ალბათ წერილობით შემოგთავაზებთ ჩემს ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმა გვქონდა, რა წავიდა სწორად სახელმწიფოს განვითრების ნაწილში, რა არის დღეს ხიფათები და საფრთხეები ქართული სახელმწიფოს მომავლისთვის და რაშიც შეიძლება არ და ვერ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს მე და ბატონი ბიძინა ივანიშვილი”, – ამბობს უსუფაშვილი.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 5 სექტემბერს, გურიაში,  გადაცემის “შეხვედრები ადგილობრივ მედიასთან” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ “რესპუბლიკური პარტიის” დადებითი მხარეები ისაა, რომ თანმიმდევრული არიან, პროცედურული დემოკრატია უყვართ და ძველი პარტიაა, თუმცა უარყოფით მხარეებზე საუბრისას განაცხადა, რომ მათ არ აქვთ რესურსი, საერთო სახალხო საქმეზე იფიქრონ და სახელმწიფოებრივად იაზროვნონ:

“რესპუბლიკური პარტია ერთადერთია პარტიათაგან [რომლის შეფასებაშიც] საზოგადოება ჩემს დახმარებას არ საჭიროებს,  მე მგონი, მშვენივრად აფასებენ უჩემოდაც. “რესპუბლიკური პარტიის” პლუსი არის ის, რომ ძველი პარტიაა, თანმიმდევრულობით გამოირჩევა, იცავენ ელემენტარულ წესებს,  რაც აუცილებელია პოლიტიკური პარტიის არსებობისთვის, ძალიან უყვარს პროცედურული დემოკრატია.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახლა საარჩევნო კამპანიისთვის არის ის პერიოდი, როდესაც ქვეყნის განვითარების უკეთეს გზებზე უნდა ილაპარაკონ, ამიტომ არ უკვირს ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური პარტიების კრიტიკა.

უსუფაშვილის თქმით, მას მხოლოდ ერთი რამ აკვირვებს:  “როდესაც საუბარია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის რეიტინგზე, მხარდამჭერებზე და ა.შ. ამ თემაზეც ბევრი გვისაუბრია მე და ბატონ ბიძინას და შევთანხმებულვართ იმაზე, რომ ქვეყანა ვერასოდეს ვერ წავა წინ, თუ ის არ გათავისუფლდა ჭორების გამავრცელებელი მანქანისგან და ეს მანქანა, სამწუხაროდ, ძალიან მძლავრობს. ვწუხვარ, რომ თავად ბატონი ბიძინა აღმოჩნდა ამ მანქანის მსხვერპლი. დღეს ქართულ საზოგადოებას ეუბნება იმას, რომ თურმე მე ან რომელიმე რესპუბლიკელს ილია ჭავჭავაძე ცუდ კაცად მიგვაჩნია. მე ვწუხვარ, იგივე და ამასვე უკეთებს ტირაჟირებას. ეს არ არის სახელმწიფოზე ლაპარაკი, ეს არის ჭორების აყოლა. მე არ ვაპირებ ამაში გავყვე”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *