ბიძინა ივანიშვილისადმი ირაკლი ოქრუაშვილისგან განსხვავებული, რადიკალური, დამოკიდებულების გამო ”ქართულმა პარტიამ” ეროსი კიწმარიშვილთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” დღეს, 5 მაისს, ”ქართული პარტიის” პრესამსახურის ხელმძღვანელმა ლია კამლაძემ განუცხადა.
დღესვე ”ქართულმა პარტიამ” გაავრცელა განცხადება, რომ უკვე 4 თვეა, ეროსი კიწმარიშვილთან პარტიას ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვს. შესაბამისად, ეროსი კიწმარიშვილი აღარაა აღჭურვილი პარტიის წარმომადგენლობის უფლებებით. ლია კამლაძის თქმით, კიწმარიშვილის პარტიიდან გარიცხვის პროცედურა იურიდიულად ჯერ დასრულებული არ არის.
”ქართული პარტიის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ბოლო დროს არ ეთანხმებოდა კიწამრიშვილის დამოკიდებულებას ბიძინა ივანიშვილისადმი, რაც გახდა დაპირისპირების მიზეზი. ითანამშრომლებენ თუ არა ”ქრთული პარტია” და ”ქართული ოცნება”, ამ კითხვაზე ლია კამლაძე პასუხობს, რომ ის ოქრუაშვილის ნაცვლად ვერ გვიპასუხებს, თუმცა თანამშრომლობისთვის მხოლოდ ერთი მხარის სურვილი არ კმარა.
”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ ეტაპზე კოალიციაში არ განიხილება ”ქართულ პარტიასთან” თანამშრომლობის საკითხი და პოლიტსაბჭოზე იმსჯელებენ თუ არა ამ პარტიასთან თანამშრომლობაზე, ჯერ ესეც არ იცის. ფანჯიკიძისთვის ასევე უცნობია ”ქართული პარტიის” გადაწყვეტილება და ”ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობის სურვილი.
2011 წლის შემოდგომაზე, პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ, კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ”ქართული პარტიასთან” და მის ლიდერთან – ეროსი კიწმარიშვილთან ვერ ითანამშრომლებდა, თუმცა პარტიის სხვა, კეთილსინდისიერ წევებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავდა. ივანიშვილმა კიწმარიშვილი ხელისუფლებასთან გარიგებაშიც დაადანაშაულა. მოგვიანებით ეროსი კიწმარიშვილმა ივანიშვილს ”ძველი წყენის” დავიწყება სთხოვა, თუმცა მისგან თანამშრომლობაზე თანხმობა დღემდე ვერ მიიღო.





