ახალი ამბები

უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატად ზაზა რუხაძე წარადგინა

5 სექტემბერი, 2016 • 2442
უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატად ზაზა რუხაძე წარადგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, დღეს, 5 სექტემბერს,  საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატად ზაზა რუხაძე წარადგინა. რუხაძის კანდიდატურა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ზაზა რუხაძე დაიბადა 1963 წელს. დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი. არის სამართლის დოქტორი. გავლილი აქვს საკონსტიტუციო სამართლის კურსები ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ზაზა რუხაძე 2005 წლიდან დღემდე საქმიანობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, არის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი და უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტი. 2007-2010 წლებში იყო ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 1993-2005 წლებში იყო ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პროფესორი. 2001-2003 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. წლების განმავლობაში მონაწილეობდა საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმების სამთავრობო კომისიების მუშაობაში.

არის რამდენიმე მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი: „იურიდიული კლინიკის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ 2012; „დემოკრატია და მოქალაქეობა“ 2011; „ფედერალიზმის პერსპექტივები საქართველოში“ 2012; „საგადასახადო სამართალი“ 2013; „საკონსტიტუციო სისტემები და კონსტიტუციური პროცესები საქართველოში“ 2009; „სამართლის თეორია“ 2008; „ხელისუფლების ორგანიზაციის დემოკრატიზაცია“ 2003; „საკონსტიტუციო სამართლის სახელმძღვანელო“ 2005; „საქართველოს კონსტიტუციური კანონის სახელმძღვანელო“ 1999. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიული მმართველობის საკითხებზე. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს, მათ შორის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს, უფლებამოსილების ვადა 30 სექტემბერს ეწურება. 4 ახალი მოსამართლე 10 ოქტომბრამდე უნდა დაინიშნოს. პრეზიდენტს 2 მოსამართლის დანიშვნის დანიშვნის უფლება აქვს, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს-  თითო-თითო მოსამართლის დანიშვნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი