ახალი ამბები

აფეთქებების სერია სირიის ქალაქებში – დაიღუპა 18 ადამიანი

5 სექტემბერი, 2016 • 1242
აფეთქებების სერია სირიის ქალაქებში – დაიღუპა 18 ადამიანი

5 აფეთქება მოხდა სირიის მთავრობისა და ქურთული პოლიციის მიერ კონტროლირებულ ქალაქებში დღეს, 5 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 8-დან 9 საათამდე. აფეთქებებს, “ბიბისის” (BBC) ცნობით, სულ ცოტა, 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავდა.

ორი აფეთქება მოხდა  სირიის დასავლეთ ნაწილში, სანაპირო ქალაქ ტარტუსში მდებარე არზუნას ხიდთან ახლოს. ამ აფეთქებებს, “როიტერსის” ცნობით, ყველაზე ცოტა, 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 45. თავდაპირველად აქ სამანქანო ბომბი ამოქმედდა, ხოლო როდესაც მაშველები ადგილზე დაშავებულთა დასახმარებლად მოვიდნენ, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

სამანქანო ბომბი ააფეთქეს ჰომსშიც, სირიის დედაქალაქის დასავლეთით. “როიტერსი” წერს, რომ საავადმყოფოში ორი დაღუპულის ცხედარი და 7 დაშავებული ადამიანი გადაიყვანეს.

“როიტერსის” ინფორმაციით, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ქალაქ ალ საბურასთან ახლოს, ბეირუთისა და დამასკოს დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, ქალაქ ჰასაკაში, რომელსაც ქურთული “სახალხო დაცვის ერთეულები” (YPG) აკონტროლებს.

ჯერჯერობით დაუდასტურებელია, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი იმ აფეთქებებს შორის,  დღევანდელ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

სირიის დაბომბვის პარალელურად, თურქეთი აცხადებს, რომ თურქეთი-სირიის სასაზღვრო ქალაქები ტერორისტებისაგან (ე.წ “ისლამური სახელმწიფოსაგან”) გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი