ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციები კალმახელიძის გათავისუფლებას მოითხოვენ

4 მაისი, 2012 • • 952
არასამთავრობო ორგანიზაციები კალმახელიძის გათავისუფლებას მოითხოვენ

საზოგადებრივი მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდი და მოძრაობა “არა” – პატიმრის, ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების გამო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

პატიმარ ზურაბ დელიანიძის გლდანის მერვე საპყრობილეში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გამოცემა TS Press-მა გაავრცელა: ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ პატიმარი წამებითაა მოკლული. ამის შემდეგ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტრომ გაავრცელა  განცხადება, რომელშიც გარდაცვალების მიზეზად მსჯავრდებულის მწვავე ვენერიული დაავადება დაასახელა. 

საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების, კოკა კიკნაძის, ვლადიმერ მაჭარაშვილისა და ლევან ჩიტაძის თქმით, პატიმრის გარდაცვალების მიზეზი არაადამიანური წამებაა.

“ადამიანი იყო ჯანმრთელი ციხეში შესვლამდე და ოჯახს დაუბრუნეს ნაწამები და ნაცემი. ეს არ არის წამების პირველი ფაქტი და არც ბოლო, როგორც ჩანს. მოვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას, ექსპერტიზის ჩატარებას და ყველა იმ ადამიანის დასჯას, ვინც წამების პროცესში მონაწილებდა,” – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრების” ლიდერმა კოკა კვინიკაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების თქმით, ისინი გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს დაეხმარებიან იურიდიული საკითხების მოგვარებაში და ექსპერტიზის ჩატარებაში.

“მომავალ კვირას გარდაცვლილს ჩაუტარდება ექსპერტიზა. სხვა ასეთი ფაქტებისგან განსხვავებით, ოჯახი ხელისუფლებამ ვერ დააშინა, გარდაცვლილის ოჯახის წევრები აპირებენ, ბოლომდე იბრძოლონ სიმართლის დადადგენად,” – განაცხადა  მოძრაობა “არას” ლიდერმა ლევან ჩიტაძემ.  

საზოგადოებრი მოძრაობის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე მოითხოვეს გლდანის ციხის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რათა მომავალში აცილებული იყოს ამგვარი ფაქტები.

ამავე თემაზე:

ომბუდსმენი კალმახელიძის უწყების თანამშრომელთა დასჯას ითხოვს

სამინისტრო პატიმრის გარდაცვალების მიზეზად ვენერიულ დაავადებას ასახელებს

TSpress: “გარდაცვლილ პატიმარს წამების კვალი ეტყობა”



მასალების გადაბეჭდვის წესი