გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ტელეიმედის” თოქ-შოუ “1000C”-ის წამყვანი ნოდარ მელაძე საქართველოდან მიდის და შესაძლოა, აღარც დაბრუნდეს უკან, სიმართლეს არ შეესაბამება. მელაძე ერთი თვით მიემგზავრება ამერიკაში, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
პროგრამის მიზანი, რომელსაც ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი (ICFJ) ახორციელებს, ქართველი ჟურნალისტების პროფესიული ცოდნის გაღრმავებაა.
აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა კიკნაძემ ”ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ ნოდარ მელაძე სხვა, 16 ჟურნალისტის მსგავსად, კონკურსის შედეგად შეირჩა და ის 1 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის აშშ-ში.
კიკნაძის თქმით, თითოეული ჟურნალისტი ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე შეირჩა, განაცხადები პირველ ეტაპზე ICFJ-მ შეარჩია აშშ-ში და შერჩეული განცხადებები გამოუგზავნა აშშ-ის საელჩოს თბილისში.
”პირველადი შერჩევა მოხდა ამერიკაში და სიები გადმოგვიგზავნეს ჩვენ – ყველა ამ სიაში არ მოხვედრილა. შერჩევა მოხდა ქულებით. დაუწერეს ყველაფერს ქულები: განაცხადს, მოტივაციას, ესსეს. ეს ქულები დაწვრილებით გამოგვიგზვნეს. შემდეგ, ამ ქულების მიხედვით, რამდენიმე ჟურნალისტი დავიბარეთ გასაუბრებაზე,” – განუცხადა ნანა კიკნაძემ ”ნეტგაზეთს”.
ICFJ-ის პროგრამის კონსულტანტმა ეიჩ ჯეი კუმინსმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პროგრამაში მონაწილეთა შერჩევის შესახებ ჩვენი ყველა შეკითხვის ადრესატი აშშ-ის საელჩოა საქართველოში. მანვე მოგვაწოდა ICFJ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, სადაც პროგრამის შესახებ ცნობებია გამოქვეყნებული, რომლის საფუძველზეც შეეძლოთ ქართველ ჟურნალისტებს კონკურსში მონაწილეობის მიღება.
ICFJ-ის ცნობით, ქართველი ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ მედია-საგანმანათლებლო გაცვლით სამწლიან პროგრამაში მიმდინარე წელს მონაწილეობის მიღება შეეძლოთ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტელევიზიების, რადიოებისა და ინტერნეტ (ონლაინ) მედიის ჟურნალისტებს. თუმცა, საბოლოოდ, შერჩეული ჟურნალისტების ნუსხაში არ აღმოჩნდნენ netgazeti.ge-ის, media.ge-ის, სტუდია “მონიტორის”, რადიო “თავისუფლების” რეპორტიორები, რომლებიც მონაწილეობდნენ კონკურსში.
ნანა კიკნაძე აცხადებს, რომ წელს პროგრამაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ მხოლოდ სამაუწყებლო მედიის – ტელევიზიებისა და რადიოების– თანამშრომლებს. მისი ინფორმაციით, წელს აშშ-ში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრებიან: რადიო ”ძველი ქალაქის”, რადიო ”ათინათის”, რადიო ”უცნობის”, ”პალიტრა ტვ”-ის, რადიო ”პალიტრის”, რადიო ”ჰერეთის”, ასევე, ”პირველი არხის”, ”კავკასიის”, “რუსთავი 2”-ის და ”იმედის” ჟურნალისტები. პროგრამაში მონაწილეებმა უკვე მიიღეს აშშ-ის ვიზები და ისინი შტატებში უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან.
გაცვლითი პროგრამის მიზანია, სასწავლო ტურისა და ინტერნშიპის საშუალებით, დაეხმაროს ქართველ ჟურნალისტებს, აიმაღლონ პროფესიული ცოდნა თავისუფალი მედიის უფლებებისა და პასუხიმგებლობების შესახებ. პროგრამის მონაწილეები აშშ-ში სხვა საკითხებთან ერთად გაეცნობიან ჟურნალისტური სტანდარტების შესახებ საკითხებს.
სწორედ ჟურნალისტური სტანდარტებისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მუხლების დარღვევაში დაადანაშაულეს პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე ნოდარ მელაძე რამდენიმე კვირის წინ. მელაძის თოქ-შოუს 20 აპრილის გამოშვებამ, რომელშიც ახალგაზრდული სუბკულტურების წარმომადგენლები, არასრულწლოვნები არაერთხელ მოიხსენიეს „სატანისტებად“, პროტესტი გამოიწვია მოსახლეობაში. საპროტესტო აქცია ტელეკომპანია “იმედის” ოფისთან 24 აპრილს გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ აზრით, გარდა პროფესიონალური პრობლემებისა (ზედაპირულობა, განსახილველ თემატიკაზე ინფორმაციისა და განათლების სიმცირე, დაუბალანსებლობა, მაყურებლის შეცდომაში შეყვანა დაუდასტურებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით და ა.შ.), ნოდარ მელაძის გადაცემა “100 გრადუსი ცელსიუსი” თავისი შინაარსითა და საკითხის გაშუქების ფორმით არღვევს საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი ტელეკომპანიებისთვის.
ამავე თემაზე:
MDF: “100 გრადუსი ცელსიუსით” დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი
როგორ დასრულდა აქცია “ყველაზე ცხელი თოქ-შოუს” წინააღმდეგ [Video]