ახალი ამბები

”პრეზიდენტის დაცვის წევრებმა tspress.ge-ს ჟურნალისტს კამერა და ჩანთა წაართვეს”

3 მაისი, 2012 •
”პრეზიდენტის დაცვის წევრებმა tspress.ge-ს ჟურნალისტს კამერა და ჩანთა წაართვეს”

ინტერნეტგამოცემა tspress.ge-ს ჟურნალისტ იზა სალაყაიას პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა დღეს, 3 მაისს, ფოთში ვიდეოკამერა და ჩანთა წაართვა, მოგვიანებით კი უკან დაუბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ  tspress.ge ავრცელებს.

ჟურნალისტი tspress.ge-ზე დეტალურად წერს მომხდარის შესახებ: “შეხვედრაზე მისულმა, როგორც კი წარვუდგინე თავი, მომთხოვეს პრესბარათი და წარვუდგინე. ბარათი წაიღო დაცვის ერთმა წევრმა და გაქრა. ირმა ნადირაშვილმა თქვა, მე არ ვიცნობ ამ ჟურნალისტსო და დაცვაც აფორიაქდა. ნადირაშვილი ამშვიდებდა: არ გინდათ ახლა აქ პანიკა დ ასე ნუ ექცევითო, შებრუნდა და შეხვედრაზე შევიდა. ამის შემდეგ დაცვის ორმა წევრმა ხელი მომკიდა ორივე მხრიდან და შენობიდან ძალის გამოყენებით გამომიყვანა. ხალხი იქ იდგა და დაცვას ეუბნებოდა: ნუ ერჩით, ჟურნალისტიაო. მე-2 სკოლის დირექტორი მზია ბახტაძე, პედაგოგები: იზო კვარაცხელია და ქეთინო შავგულიძე, იქ იდგნენ და ხედავდნენ ამ ყველაფერს. მერე ისევ მოვბრუნდი და ვინც  შენობიდან გამათრია, იმათ ფოტოები გადავუღე. ამან ისინი საშინლად გააღიზიანა. პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების მერე გადაღებული მასალის წაშლა მომთხოვეს. მე შევეწინააღმდეგე, ვუთხარი, რომ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი და ხელს მიშლიდნენ. მათ უხეშად მიპასუხეს: გოგო, ამდენი დრო სად გვაქვსო. იქვე იყო ფოთის პოლიციის უფროსი. შეხვედრის მერე წამართვეს ჩანთა და კამერა. ცოტა ხანში ჩემი ნივთები მიმიყარეს ეზოში და მითხრეს, აიღეო. მე ვუთხარი, რომ არ ავიღებდი , სანამ არ დავრწმუნდებოდი, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, მაგრამ, აი, დარდიო და წავიდნენ. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კამერაში არ იდო ჩიპი და გადაღებული მასალები, შესაბამისად, აღარ მაქვს”,-აცხადებს იზა სალაყაია.

პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ფოთში იმყოფებოდა. მან ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო გახსნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომელმა ნათია ბანძელაძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დღევანდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით იზა სალაყაიამ ბევრი მოიტყუა, რის გამოც ამის შესახებ კომენტარს არ გააკეთებს. ჩვენ ბანძელაძეს ასევე ვკითხეთ, რატომ არ შეუშვეს ადგილობრივი ჟურნალისტები გუშინ, 2 მაისს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში, სადაც პრეზიდენტი სიტყვით გამოდიოდა, თუმცა ნათია ბანძელაძემ ტელეფონი გაგვითიშა.

tspress.ge პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ვიდეოკამერის მეხსიერების ბარათის დაბრუნებას მოითხოვს.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტის გადასაღებად მესხიშვილის თეატრში ჟურნალისტები არ შეუშვეს

მერაბიშვილთან დახურული შეხვედრის დროს ჟურნალისტი ცემეს



მასალების გადაბეჭდვის წესი