ახალი ამბები

სამინისტრო პატიმრის გარდაცვალების მიზეზად ვენერიულ დაავადებას ასახელებს

3 მაისი, 2012 •
სამინისტრო პატიმრის გარდაცვალების მიზეზად ვენერიულ დაავადებას ასახელებს

“მსჯავრდებული ავადმყოფობდა ვენერიული დაავადების მწვავე ფორმით და მას სამედიცინო დეპარტამენტის მედპერსონალის მიერ ყოველგვარი შესაძლებელი მკურნალობა უტარდებოდა,” – ასე ეხმაურება სასჯელაღსრულების სამინისტრო გლდანის ციხეში ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტს, რომლის ოჯახი მას ნაწამებად მიიჩნევს.

აღნიშნული განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინსიტრომ დღეს, 3 მაისს, მას შემდეგ გაავრცელა, რაც ინტერნეტგამოცემა ”თავისუფალმა სიტყვამ” გარდაცვლილი პატიმრის სხეულის ფოტოები და ოჯახის კომენტარი გამოაქვეყნა. ოჯახი მიიჩნევს, რომ ზურაბ დელიანიძე ნაწამებია.

”ნეტგაზეთი” სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

”საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს მსჯავრდებულ ზ.დელიანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

 სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიაწოდოს შემდეგი ინფორამცია:

მსჯავრდებული ზ.დელიანიძე  2011 წლის 13 დეკემბერს  გასამართლებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-2   ნაწილით (ნახევარი კილოგრამი მარიხუანას უკანონო შეძენა/ შენახვა), რისთვისაც მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2012 წლის 7 მარტს მსჯავრდებული ზ.დელიანიძე, შემდგომი მკურნალობის მიზნით,  გადაყვანილ იქნა #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და დაეწყო ინტენსიური მკურნალობის კურსი, მაგრამ, სამწუხაროდ, მიმდინარე წლის პირველ მაისს დადგა პაციენტის ლეტალური შედეგი.

კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, სამინისტროს არ სურდა დეტალური ინფორმაციის გავრცელება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, ცნობილი გახადოს ზოგიერთი დეტალი: მსჯავრდებული ავადმყოფობდა ვენერიული დაავადების მწვავე ფორმით და მას სამედიცინო დეპარტამენტის მედპერსონალის მიერ ყოველგვარი შესაძლებელი მკურნალობა უტარდებოდა.  

მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,  2012 წლის პირველ მაისს  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის გარდაცვალების  შემთხვევაში, მყისიერად დაიწყო გამოძიება და დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ გარდაცვალების ფაქტი საჭიროებს დეტალურ შესწავლას, თუმცა წინასწარი ვარაუდით, შესაძლებელია, რომ გარდაცვლილ მსჯავრდებულს ავადობით გამოწვეული ნაწოლები და გვამური ლაქები აღენიშნებოდეს.

ზემოაღნიშნულის შესწავლა შესაძლებელია  მოითხოვოს და განახორციელოს  ასევე გარდაცვლილის ოჯახმა ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის გზით.

სამინისტრო თავის მხრივ, მას მერე, რაც დასრულდება გამოძიება ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ამცნობს საზოგადოებას მსჯავრდებულ ზ.დელიანიძის გარდაცვალების შესახებ დამატებით ინფორმაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო მოუწოდებს მასმედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ წინასწარი შეფასებებითა და პროგნოზებით.

სამინისტრო მზადაა თანამშრომლობისათვის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან  და ღიაა იმისათვის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით  ყველა კითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი.”

ამავე თემაზე:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი