დღეს, 3 მაისს, პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ არასამთავრობო ორგანიაციებმა: “ადამიანის უფლებათა სახლმა”, “კონსტიტუციის 42–ე მუხლმა” “საზოგადოებრივმა დამცველმა”, “ახალგაზრდები სამართლიანობისათვის” და “ჯანმრთელმა სამყარომ”, ინსცენირებული აქცია გამართეს.
“მე რეპორტიორი ვარ და არა – ჯაშუში” – ამ სახელწოდებით გამართული აქციის მონაწილეებმა აიხვიეს თვალები და პირი და ამ გზით განასახიერეს ის შეზღუდვები და პრობლემები, რომელიც ქართველ ჟურალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ექმნებათ.
“აქციის სახელი ბოლო წლის ტენდენციებზე მიანიშნებს, ხელისუფლება დევნის ჟუნალისტებს, მედია საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ეს აქცია არის პროტესტი, რომლითაც მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა სახლის” წარმომადგენელმა ალეკო ცქიტიშვილმა.
აქციას ესწრებოდა ირინა ფუტკარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველის” წარმოამდგენელი, რომლის თქმითაც, აქციის მთავარი მოთხოვნა პრესის თავისუფლებაა.
“ჩვენ ვითხოვთ პრესის თავიუფლებას, საქართველოში პრესა უნდა იყოს თავისუფალი, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და პრესას უნდა მისცეს თავისუფლება, უნდა შეწყდეს პრესაზე ზეწოლა, რაც ბოლო პერიოდის მანძილზე ყველაზე ნათლად ჩანს,” – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ირინა ფუტკარაძე.
1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 3 მაისი პრესის თავისუფლების დღედ გამოაცხადა. პრესის თავისუფლების დღე ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში აღინიშნება.




