საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ბრალდებით, დ. ნ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, გარდაცვლილ დემურ სტურუას დედასთან, ნონა ჯოჯუასთან საცხოვრებელ სახლში მივიდა მისი ნაცნობი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე და მის შვილზე – მოწმე დავით სტურუაზე განახორციელა იძულება ფიზიკური ძალადობით.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა აცხადებს, რომ დღეს, 3 სექტემბერს, ღამის სამ საათზე მას თავს დაესხა ნაცნობი პირი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ჯოჯუა ამბობს, თავდამსხმელს პოლიცია სთხოვდა, რომ ჯოჯუა ეიძულებინა, არ ჩაძიებოდა მისი შვილის თვითმკვლელობის საქმეს.
თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობდა.
22 წლის დემურ სტუტუამ თავი 7 აგვისტოს მოიკლა. როგორც თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში ყვება, თვითმკვლელობამდე პოლიციელის მხრიდან მუდმივი მუქარისა და ცემის გამო მივიდა. იგი ასახელებს პოლიციელს, რომელიც სამტრედიაში ცხოვრობს. სტურუას თქმით, პოლიცელი მას სთოვდა მიეწოდებინა ინფორმაცია, ვის ჰქონდა დათესილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში მარიხუანა.
სტურუას თვითმკვლელობაზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლეობამდე მიყვანას გულისხმობს.