19 წლის სანდრო გრიგოლია, რომელსაც ჰოლანდიის საამართალდამცავები ორი დღე ეძებდნენ, საქართველოში დააკავეს.
მისი დაკავებისთვის ჯილდოდ 15 000 ევრო იყო დაწესებული.
პირველი არხის ცნობით, საქართველოში პოლიციამ ის წუხელ, გვიან ღამით, დააკავა.
გრიგოლია ეჭვმიტანილია ჰააგაში საიუველირო მაღაზიაზე თავდასხმაში, რომელიც მკვლელობით დასრულდა. ჰოლანდიურმა მედიამ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც საიუველირო მაღაზიის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული და რომელშიც ჩანს, როგორ შედის ორი ახალგაზრდა მაღაზიაში, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით ესვრიან გამყიდველს.
შემთხვევა ჰააგაში 1 მაისს მოხდა. მკვლელობაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი 19 წლის ზია ბორუკჩუა ჰააგაში გუშინ დააკავეს. გრიგოლიაზე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან ჰოლანდია დატოვა და ბელგიაში იმყოფებოდა.
საბოლოოდ იგი საქართველოში დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, გადასცემენ თუ არა ქართველი სამართალდამცავები სანდრო გრიგოლიას ჰოლანდიის პოლიციას. “ნეტგაზეთი” დეტალების დაზუსტებას ცდილობს.
ამავე თემაზე:
