როგორ აფასებენ რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტს, რომელიც უშიშროების საბჭომ გასულ კვირას წარადგინა პარლამენტში, სამხედრო ექსპერტები? ნეტგაზეთმა შეფასებები გიორგი ალადაშვილს და ირაკლი სესიაშვილს სთხოვა:
სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი, სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი რეზერვის ახალი კონცეფციის შეფასებისას აღნიშნავს, რომ პროცესს უნდა მუდმივად თვალყურის დევნება და ანალიზი საზოგადოების მიერ.
“დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ განხორციელდება ეს, რა აქცენტებს გააკეთებს ხელისუფლება, ეს უკვე სხვა საქმეა. თუკი ხელისუფლება მოინდომებს, მას შეუძლია გამოიყენოს ანტიკონსტიტუციურად და კანონის დარღვევით არა მარტო რეზერვისტი, არამედ იგივე პოლიციელი, სამხედრო და ა.შ, ვინც მის სახელმწიფო სამსახურშია. ამიტომაც პროცესს უნდა მუდმივად თვალყურის დევნება, ანალიზი, მათ შორის საზოგადოებისა და არასამთავრობოების მიერ”, – აღნიშნავს ალადაშვილი და აქვე დასძენს, რომ ამის შიშით უარის თქმა რეზერვის განვითარებაზე, არასწორია.
მისი შეფასებით, ჯერჯერობით კონკრეტულ საკითხებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, თუ სწორედ მოხდა ტერიტორიული თავდაცვის რეზერვის განვითარება და დახვეწა ყველა მისი მოქმედებების, ეს ნიშნავს, რომ ის იქნება კარგი საფუძველი მომავალში, ღმერთმა არ ქნას და თუ მოხდა ტერიტორიების დაკავება მოწინააღმდეგის მიერ, ამ ტერიტორიებზე პარტიზანული მოქმედებების გაშლისთვის.
“თვითონ ტერიტორიული თავდაცვა, მიმაჩნია, რომ ცუდი არ არის. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ეს აგვისტოს ომამდეც ყოფილიყო. თუნდაც იმიტომ, რომ მომზადებული ყოფილიყო იგივე კოდორის ხეობის, დიდი ლიახვის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობა. იმ ხეობების, რომლებიც დავკარგეთ და რომლებსაც იცავდნენ ძლიერი სამხედრო პოლიციური დანაყოფები, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ უფრო გამართლებული იქნებოდა, რომ იქ ადგილობრივებზე მეტი აქცენტი გაკეთებულიყო, სხვა თუ არაფერი, ადგილობრივებმა დაიცვეს კოდორისა და დიდი ლიახვის ხეობები 1993 წლის შემდეგ 2008 წლამდე”, – მიაჩნია ალადაშვილს.
ირაკლი ალადაშვილი ასევე ნაკლებ ყურადღებას აქცევს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმასთან დაკვშირებით, რომ ტერმინის ტერიტორიული რეზერვის შეცვლა მოხდეს ტერმინით სახალხო ლაშქარი და აქვე აღნიშნავს:
“მე ტერმინებს არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას, მთავარი- იდეაა. ადგილობრივი მოსახლე უნდა იყოს მომზადებული. რეზერვის მოქმედება აუცილებელია, ხოლო ვინ ეცდება მის კონსტიტუციურად თუ არაკონსტიტუციურად გამოყენებას, ამას უნდა მუდმივი კონტროლი”, – მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი ალადაშვილი.
რეზერვის ახალ კონცეფციაში წარმოდგენილი საკითხები ზედაპირულად მიაჩნია პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრს, სამხედრო ექსპერტს ირაკლი სესიაშვილს.
მისი განცხადებით, რეზერვის ახალ კონცეფციაში წარმოდგენილი საკითხები არის ძალიან ზოგადად მოცემული, აქ რაიმე დეტალზე არ არის საუბარი, მხოლოდ თეორიულადაა გადმოცემული ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს სარეზერვო სისტემის ორგანიზება, რაც არანაირად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საფუძვლიანად მოხდეს მთლიანი სისტემის დანახვა.
“ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ გვსმენია ბრტყელ–ბრტყელი ფრაზები სარეზერვო სისტემის პოზიტიურ მხარეზე და შესაძლებლობებზე, მაგრამ რეალურად ძალიან მძიმე სურათი მივიღეთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ კანონმდებლობა, რაც 2008 წლამდე იყო, არაფერი არ შეცვლილა. სისტემა იგივე დარჩა, ამიტომ მე ეჭვი მაქვს, რომ ეს კონცეფცია ვიღაცამ თეორიულად ჩამოაყალიბა, ხოლო რაც შეეხება ძირითად პრობლემებსა და საკითხებს, რაც არის სარეზერვო სისტემის მართვის კომპონენტი, კოორდინაცია მშვიდობიან და საომარ მოქმედებებში, კონტროლის მექანიზმები, ეს სამივე კომპონენტი ფაქტიურად არ არსებობს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ახალმა კონცეფციამ რაიმე ფუნდამენტური ცვლილება მოიტანა, ასე არაა, თეორიული ნაწილია, რომლის უკან, მე ვფიქრობ, რომ, სამწუხაროდ, სისტემა გაუმართავია”, – აცხადებს სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.
ექსპერტის შეფასებით, ხუთდღიანი სარეზერვო სისტემა საერთოდ ვერ პასუხობს ვერანაირ გამოწვევას.
“კი არ პასუხობს, არამედ– პირიქით, ეს იქნება დამატებითი ტვირთი და ხელის შემშლელი ფაქტორი. ამის ყველაფრის მიზეზი არის არაპროფესიონალი ხელისუფლება და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა”, – აღნიშნავს სესიაშვილი და დასძენს, რომ ნებისმიერ კითხვაზე არ არსებობს კონკრეტული პასუხი, არის მხოლოდ ზოგადი პასუხები.
საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტი რვაგვერდიანი დოკუმენტია, რომელიც მთავრობის პოლიტიკას განსაზღვრავს თავდაცვის რეზერვის სისტემის ფორმირებისა და შემდგომი განვითარებისთვის.
ამავე თემაზე: