ახალი ამბები

კონტროლის პალატის შეკითხვები “ქართული ოცნების” ოფისების მფლობელებთან

2 მაისი, 2012 • 1218
კონტროლის პალატის შეკითხვები “ქართული ოცნების” ოფისების მფლობელებთან

ბათუმში კონტროლის პალატამ “ქართული ოცნების” მიერ დაქირავებული ოფისების იურიდიული მფლობელები დაკითხა.

ხელვაჩაურის ოფისის მეპატრონე ტარიელ თებიძე, ბათუმის ოფისის მფლობელი ნინო ბასილია და ქობულეთის ოფისის მფლობელი არჩილ კონცელიძე კონტროლის პალატაში დღეს, 16:00 საათისთვის დაიბარეს. თითოეული ადამიანის დაკითხვა ერთი საათი გრძელდებოდა. დაკითხვაზე დაბარებულ პირებს ადვოკატირებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები უწევდნენ.

როგორც ოფისების მფლობელები აცხადებენ, მათ თავიანთი კუთვნილი ქონება შპს “მენეჯმენტ სერვისს” მიაქირავეს, რომელსაც ხელშეკრულებით უფლება ჰქონდა, აღნიშნული ქონება ქვეკონტრაქტორზე გადაექირავებინა. როგორც არჩილ კონცელიძე აცხადებს, დაკითხვის დროს ზეწოლა არ ყოფილა:

“მეკითხებოდნენ, ვის მივაქირავე და რა მიზნით. ხელშეკრულება ვაჩვენე, სადაც წერია, რამდენი კვადრატული ფართი მივაქირავე და რომ ჰქონდათ მათ უფლება, ოფისი სხვა პირისთვის მიექირავებინათ. მე ოფისს ვაქირავებდი და ამის თაობაზე განცხადება გამოკრული მქონდა”.

სამივე მეპატრონეს დამქირავებელთან 11-თვიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

“აინტერესებდათ დეტალები, რა შემოიტანეს ოფისში და რამდენად გავაქირავე. სხვა შემოსავლებზე საუბარი არ ყოფილა. ინფორმაცია სახლის გაქირავებაზე საიტზე მქონდა განთავსებული და როცა მოვიდა შპს “მენეჯმენტ სერვისი”, ოფისი მივაქირავე. მათ შეთანხმების მიხედვით, უფლება აქვთ, ოფისი სხვას მიაქირავონ”, – აცხადებს ნინო ბასილია.

როგორც საიას იურისტი ნინო ქათამაძე ამბობს, კანონის საწინააღმდეგო კითხვები კონტროლის პალატის მხრიდან არ დასმულა:

“დოკუმენტაცია იურიდიულად გამართულია, საშემოსავლოს გადახდა ხდება ბიუჯეტში, ამიტომ სამართლებრივად გამქირავებლებს პრობლემა არ შეექმნებათ”.

ამავე თემაზე:

“ქართული ოცნების” ოფისების მეპატრონეებს კონტროლის პალატა იბარებს

რატომ ვერ ხსნის რეგიონულ ოფისებს “ქართული ოცნება” და “მე-9 არხი” [Video]


მასალების გადაბეჭდვის წესი