საქართველოს კონტროლის პალატის ქუთაისის, ბათუმის და თბილისის ოფისებში ის მოქალაქეები დაიბარეს, რომელთაც საიჯარო და სამეწარმეო ურთიერთობები აქვთ კოალიაცია “ქართულ ოცნებასთან”.
კონტროლის პალატის ცნობით, აღნიშნული პირები მოწმის სტატუსით გამოიკითხებიან, რათა “კონტროლის პალატამ მიიღოს აუდიტორული რწმუნება მათი ფინანსური საქმიანობის კანონშესაბამისობის შესახებ.”
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ კოალიციისა და მასში შემავალი სუბიექტების მიერ იჯარით აღებულ ფართებთან მიმართებაში გაწეული ხარჯების კანონიერების შესწავლას ახორციელებს, ვინაიდან არსებობს აშკარა შეუსაბამობა გაწეულ საქმიანობასა და ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას შორის”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კონტროლის პალატა ავრცელებს.
კონტროლის პალატის ცნობით, ყველა გასაუბრების პროცედურა ფიქსირდება აუდიო-ვიდეო ტექნიკური საშუალებებით.
კოალიცია “ქართული ოცნებისთვის” რეგიონებში საოფისე ფართების დაქირავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე “ნეტგაზეთმა” მასალა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.