ახალი ამბები

ლადო სანიკიძე: “მაკა ასათიანის ადვოკატი ცრუობს”

2 მაისი, 2012 • 1931
ლადო სანიკიძე: “მაკა ასათიანის ადვოკატი ცრუობს”

დავით ძოწენიძის ადვოკატი მაკა ასათიანის ადვოკატის მხრიდან წამოყენებულ ბრალდებას უარყოფს და სიცრუეს უწოდებს:

“გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მაკა ასათიანის, სალომე ასათიანისა და ლუიზა თავართქილაძის ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდეს და ტელეკომპანია “მაესტროში” მაკა ასათიანის აქტივობას დაუკავშირეს, რაც სიცრუეა. ჩვენ სასამართლოში სარჩელი 2008 წელს შევიტანეთ, მაკა ასათიანის კავშირი “მაესტროსთან” კი 2011 წელს დაიწყო”, – აცხადებს ძოწენიძის ადვოკატი ლადო სანიკიძე.

სანიკიძის განცხადებით, სახელმწიფოს მაკა ასათიანისთვის ანგარიშის გასწორება რომ სდომოდა, სხვა ხერხს გამოიყენებდა:

“თქვენ ცოტა ფაქტები იცით, როცა რომელიმე კერძო ბიზნესკომპანიაში საგადასახადო შევიდა? შეეძლოთ 100%-იანი წილი ჩამოერთმიათ, აქ კი საუბარია 20%-ზე, დანარჩენი 80% ხომ კვლავ მათ ხელშია”, – აღნიშნა ადვოკატმა.

დავით ძოწენიძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით შ.პ.ს. “აკას” 20%-იანი წილი, ანუ 960 000 ლარი დაუკანონდა, აქედან ძოწენიძეს 5-5% მაკა და სალომე ასათიანების წილიდან, ხოლო 10% ლუიზა თავართქილაძის წილიდან უნდა გადაეცეს.

ადვოკატი ასევე შეეხო მაკა ასათიანის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროსასამართლოში საქმესთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა შევა, რათა განაჩენის დაუყოვნებლივ შესრულების შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული თანხა მაკა ასათიანის და მისი ოჯახის ამჟამად დაყადაღებული ქონებიდან არ ჩამოიჭრას:

“ჩვენ არ მოგვითხოვია განაჩენის დაუყოვნებლივ აღსრულება, შეუძლიათ გადაწყვეტილება, სადაც უნდათ, იქ გაასაჩივრონ, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას აზრი არ აქვს”, – განაცხადა სანიკიძემ.

ამავე თემაზე:

მაკა ასათიანი ”მერსედესში” წილის ჩამორთმევას გაასაჩივრებს

მასალების გადაბეჭდვის წესი