ახალი ამბები

„ქრისტიან-დემოკრატები“ დაზღვევის ახალ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ

2 მაისი, 2012 • 1039
„ქრისტიან-დემოკრატები“ დაზღვევის ახალ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ

მედიკამენტების გაზრდილი ნუსხა, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სარეაბილიტაციო პროგრამები – “ქრისტიან-დემოკრატები” აღნიშნული სამი კომპონენტის ჯანმრთელობის ახალ სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტში შეტანის ინიციატივით გამოდიან. 

“ქრისტიან-დემოკრატების” ინიციატივასთან დაკავშირებით, დღეს, 2 მაისს, ფრაქციის წევრმა, მაგდა ანიკაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, სექტემბრიდან ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის გაფართოვების მიუხედავად, ხელისუფლება ყველაზე სერიოზული პრობლემების მოგვარებაზე უარს ამბობს. 

ანიკაშვილის განმარტებით, იმის გამო, რომ ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მედიკამენტის ხარჯები დაახლოებით 70 %-ს შეადგენს, უნდა გაფართოვდეს მედიკამენტების ის ნუსხა, რომელიც პაკეტში შევა.

“იმის მიუხედავად, რომ მედიკამენტებზე ლიმიტი 50 ლარიდან 200 ლარამდე იზრდება, მაგალითად, ანტიბიოტიკები, რომლის მოხმარება ყველაზე ხშირია, პაკეტში საერთოდ არ შედის. ასევე, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები უნდა დაფინანსდეს თანაგადახდით, აქ საუბარია, კომპიუტერული ტომოგრაფიასა და მაგტნიტორეზონანსულ კვლევაზე. აქ ჩადებულია მხოლოდ 20 % –იანი თანახადახდის ელემენტი, თუმცა,ეს მომსახურებები იმდენად ძვირია, რომ პენსიონერისთვის ეს კომპონენტი მთლიანად კარგავს აზრს. ჩვენი აზრით, ამ მომსახურების გადახდას სახელმწიფო 80 %-ით უნდა იღებდეს საკუთარ თავზე,”- ამბობს ანიკაშვილი. 

“ქრისტიან-დემოკრატები” მიიჩნევენ, რომ ახალ სადაზღვევო პაკეტებში ასევე უნდა ჩაიდოს სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის პირველი სექტემბრიდან, სახელმწიფოს ახალი პროგრამით, ყველა პენსიონერსა და 0-დან 5- წლის ჩათვლით ბავშვებს სახელმწიფო დააზღვევს.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი