ახალი ამბები

კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსმართლის შერჩევის ვადების შესაცვლელად

2 სექტემბერი, 2016 • 1658
კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსმართლის შერჩევის ვადების შესაცვლელად

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა უნდა გამწესდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი.

სამი თვის ნაცვლად, მოქმედი კანონმდებლობით, ეს ვადა ერთი თვეა.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გედევან ფოფხაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს ცვლილება მოიწონა ვენეციის კომისიამაც. მისივე თქმით, ამ კანომპროექტის მიღებას ამ მოწვევის პარლამენტი ვეღარ შეძლებს.

“1-თვიანი ვადა არის მოქმედი კანონმდებლობით იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დასანიშნად, რომ ეს ვადა იყოს 3-თვიანი. ვენეციის კომისიამაც, როდესაც ჩვენ ეს იდეა გავაჟღერეთ, თქვა, რომ ეს სწორია იმიტომ, რომ შერჩევის პროცესს უფრო მეტი ვადა სჭირდება. მარტივად გეტყვით, პარლამენტი როდესაც წარმოგიდგენს კანდიდატს, პარლამენტს სჭირდება კანდიდატის შერჩევა. მინიმუმ უნდა 76 მანდატი იმისთვის, რომ ეს კანდიდატი იყოს შერჩეული. ამიტომ ვადაში არ უნდა იყოს შეზღუდული სუბიექტი. 1 თვე საკმაოდ ცოტა ვადაა. ჩვენ ვთვლით, რომ 3 თვემდე ვადა რომ ჰონდეთ, უფრო სწორი იქნება. ვენეციის კომისიამაც ჩენი პოზიცია გაიზიარა თავის დროზე და ჩვენც გვგონია, რომ არ იქნება ურიგო ამ ვადის გაგრძელება. თუმცა, მეორე მხრივ, ამ მოწვევის პარლამენტში ამის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია და მომდევნო მოწვევის პარლამენტის განხილვის საგანი იქნება,”- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კანონპეროექტში ცვლილება შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული:

“საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი, რომლის უფლებამოსილებაც იწყება მისი წინამორბედის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის გასვლისთანავე, მაგრამ არაუადრეს მის მიერ ფიცის დადების მომენტისა. საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტი უფლებამოსილია დანიშნოს/აირჩიოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, თუ მისი წინამორბედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვა წინ უსწრებს პრეზიდენტისა და პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ წევრს ნიშნავს/ირჩევს ახალარჩეული პრეზიდენტი ან პარლამენტი.”

ეს კანონპროექტი 6 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი