ახალი ამბები

თინა ხიდაშელი: ბიძინა ივანიშვილი ყოველდღე არღვევს კანონს

2 მაისი, 2012 •
თინა ხიდაშელი: ბიძინა ივანიშვილი ყოველდღე არღვევს კანონს

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღეს, 2 მაისს, რუსთავში “ქართული ოცნების” ოფისის გახსნის დროს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კანონმდებლობას ყოველდღე არღვევს და ხელისუფლებას მისი ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივი საფუძველი აქვს.

აღნიშული განცხადება თინა ხიდაშელმა იმ მოქალაქის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თინა ხიდაშელს კითხვა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობაზე დაუსვა.

ხიდაშელის განმარტებით, ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა არ მისცა. საქართველოს კანონმდებლობით კი, უცხოეთის მოქალაქეს არა აქვს უფლება, აწარმოოს საარჩევნო კამპანია, შეხვდეს მოსახლეობას და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს. თუმცა, ბიძინა ივანიშვილი ყოველდღე ხვდება მოსახლეობას და მისი ამ ქმედების გამო ხელისუფლებას სრული სამართლებრივი უფლება აქვს, ის ქვეყნიდან გააძევოს.

ხიდაშელის განცხადებით, “ქართული ოცნების” ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის კურატორი იქნება ზვიად ძიძიგური, რუსთავის ოფისს კი უხელმძღვანელებს ნინო ლომიძე.

“ქართული ოცნების” ოფისის გახსნას რუსთავში 100-ზე მეტი მოქალაქე ესწრებოდა, ოფისის პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდნენ კოალიციის ლიდერები – მანანა კობახიძე, ირაკლი ალასანია, თინა ხიდაშელი და ზვიად ძიძიგური.

ლიდერებმა მოსახლეობას განუცხადეს, რომ ისინი ქვემო ქართლში და სამცხე ჯავახეთში ხმებს ისევე დაიცავენ, როგორც დანარჩენ საქართველოში და ხელისუფლებას არ მისცემენ არჩევნების გაყალბების საშუალებას. გარდა ამისა, ისინი გეგმავენ, რომ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა მიიღონ თბილისელმა აქტივისტებმა, რათა ამით ადგილობრივ აქტივისტებზე ზეწოლა შემცირდეს.

“თუ ჩვენ ოქტომბერში ვერ გავიმარჯვებთ, უკეთეს შემთხვევაში, საქართველოში მინიმუმ ათი წელი ლუკაშენკოს მსგავსი რეჟიმი იქნება,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ზვიად ძიძიგურმა მოსახლეობას “მე-9 არხის” ეთერში გასვლის შესახებ აუწყა და უთხრა, რომ მალე ყველას ექნება საშუალება, რომ “მე-9 არხის” სიგნალი თავისუფლად მიიღოს. მან მოსახლეობას მოუწოდა “გლობალ ტვ”-ის ანტენების შეძენისკენ. მისი თქმით, თუ მოსახლეობას სურს “მე-9 არხის ყურება”, “გლობალ ტვ”-ის ანტენები უნდა დაიყენონ, თუ არადა, უსმინონ “რუსთავი 2”-ის პროპაგანდას, რასაც პრეზენტაციაზე მყოფი ადამიანებისგან ტაში და ხმამაღალი შეძახილები მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი