ახალი ამბები

მთავრობა პოლიციის დღეს წელს გორში აღნიშნავს

1 მაისი, 2012 •
მთავრობა პოლიციის დღეს წელს გორში აღნიშნავს

მზადება აღლუმისთვის გორში, qartli.ge
მზადება აღლუმისთვის გორში, qartli.ge

გორის ცენტრში, იქ, სადაც ადრე სტალინის ძეგლი იდგა, 6 მაისს, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღლუმს გამართავს. ინფორმაციას ამის თაობაზე “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

qartli.ge-ის ცნობით, ამავე დღეს, დილიდან ადგილობრივი მართლმადიდებლური მრევლი გორიჯვრის ეკლესიაში აპირებს მისვლას, რადგან 6 მაისს, გიორგობა დღეს, გორში “გორიჯვრობა” აღინიშნება.

პოლიციის დღე შარშან ხელისუფლებამ ბათუმში აღნიშნა, სადაც “ვარდების რევოლუციის” გზით მოსული მთავრობა ყოველი წლის 6 მაისს აჭარის ასლან აბაშიძის რეჟიმისგან გათავისუფლებას ზეიმობს.

პოლიციის დღე საქართველოში 2010 წლის 6 მაისს დაწესდა. მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა – ლევან გაჩეჩილაძემ, ნინო ბურჯანაძემ, ეკა ბესელიამ, ზვიად ძიძიგურმა, ზურაბ ნოღაიდელმა და სხვებმა მოაწყვეს საპროტესტო დემონსტრაცია თბილისში, შსს-ს ახალი შენობისაკენ, სადაც პოლიციის აღლუმი იმართებოდა.

“დღევანდელ პოლიციას საზოგადოება ეკიდება სიყვარულით და მოწიწებით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შარშან, პოლიციის დღესთან დაკავშირებული აღლუმის შემდეგ.

რამდენიმე დღის წინ კი, საქართველოს პარლამენტში გამართული სამთავრობო საათის დროს, საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებაში პოლიციას უფრო მეტი რეიტინგი აქვს (87 პროცენტი), ვიდრე – „ნაციონალურ მოძრაობას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი