ახალი ამბები

პროფკავშირების 9–პუნქტიანი მიმართვა პარლამენტს [VIDEO]

1 მაისი, 2012 •
პროფკავშირების 9–პუნქტიანი მიმართვა პარლამენტს [VIDEO]
დღეს ვარდების მოედანზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ აქცია გამართა, რომელსაც სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრები და მოძრაობის თეატრიც შეუერთდა.
შრომის დღისადმი მიძღვნილი აქციის ფარგლებში თეატრალიზებული მსვლელობა ვარდების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მოეწყო. მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების მოძრაობა ცოტა ხნით შეფერხდა.

პარლამენტში პროფკავშირების წარმომადგენლებმა სპეციალური 9–პუნქტიანი მიმართვა დატოვეს, რომელშიც საუბარია ქუთაისელი მეტალურგების უფლებათა დარღვევაზე, სტუდენტთა დაზღვევაზე, ასევე, “უსამართლო” შრომის კოდექსსა და მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე. დოკუმენტში ასევე ყურადღება გამახვილდა ნაგვის გადასახადის ელექტოენერგიის გადასახადზე მიბმასა და საბავშვო ბაღებში გადასახადის შემოღებაზე.

პროფკავშირები სპეციალური ფონდის შექმნას აპირებს, რომელიც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დახმარებას შეეცდება:

“ეს ფონდი ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა,  ვერ გაწვდება, ჩვენ ხელისუფლებას რომ კითხოთ, ქვეყანაში ადამიანების უმეტესობა ბედნიერად ცხოვრობს, ამას კარგად დავინახავთ იმის მიხედვით, თუ რამდენ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, ფონდს დასახმარებლად მიმართოს”, – განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

 
1 მაისს პროფკავშირების აქცია უკვე მეშვიდე წელია ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი