ახალი ამბები

ასახავს თუ არა პარტიების პოზიციას chemikhma.ge-ზე გამოქვეყნებული კითხვარი

1 სექტემბერი, 2016 •
ასახავს თუ არა პარტიების პოზიციას chemikhma.ge-ზე გამოქვეყნებული კითხვარი

“საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე Chemikhma.ge გამოქვეყნებულ კითხვარს, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა შეავსეს, გაუგებრობა ორი პარტიის, “რესპუბლიკური პარტიის” და “გირჩის” შემთხვევაში მოხდა. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, როგორ შეავსეს აღნიშნული კითხვარი პარტიებმა და არის თუ არა პასუხები პარტიის პოზიციების ავთენტური.

Chemikhma.ge „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მიერ შექმნილი ვებგვერდია, სადაც განთავსებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 36 დახურული კითხვისგან შედგება. ასევე, მოცემულია ამ კითხვებზე საქართველოში მოქმედი 7 ძირითადი პოლიტიკური პარტიის პასუხები. ამომრჩეველს ასევე საშუალება აქვს, შეავსოს იგივე კითხვარი და გაიგოს, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებებთან დგას იგი ყველაზე ახლოს.

აღნიშნულ კითხვარში ერთი კითხვა ქორწინების თანასწორობის საკითხს უკავშირდება, კითხვა შემდეგნაირადაა ფორმულირებული “დაშვებული უნდა იყოს თუ არა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება”, პასუხების მიხედვით, “რესპუბლიკური პარტია” მხარს უჭერდა ქორწინებას, თუმცა მიაჩნია, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს შვილის ყოლის/აყვანის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, აღნიშნულ საკითხს მხარს უჭერს “პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის გირჩი”.

კითხვარის გამოქვეყნების შემდეგ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნულ კითხვარში პარტიის პოზიცია არასწორადაა მოწოდებული და არ შეესაბამება პარტიის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს. სამნიძის განცხადებას საპასუხო განცხადება მოჰყვა “საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს” მხირდან, რომელიც ამბობს, რომ ყველა კითხვაზე პასუხი “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ მიაწოდა. თამუნა კორძაიას თქმით კი, როცა კითხვარს ავსებდა, ეგონა, რომ ეს ინდივიდუალური კითხვარი იყო. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, როგორ შედგა კომუნიკაცია “საერთაშორისო გამჭვირვალეობა- საქართველოსა” და პოლიტიკურ პარტიებს შორის.

ლევან ნატროშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” საარჩევნო პროგრამების მენეჯერი, გვეუბნება, რომ პოლიტიკურ პარტიებთან სტანდარტული მაილი გაგზავნეს, უშუალოდ “რესპუბლიკური პარტიის” შემთხვევაში კი მაილები ხათუნა სამნიძეს, ვახტანგ ხმალაძეს და თამუნა კორძაიას გაუგზავნეს.

“თამუნა კორძაიას კარგად ვიცნობ და შემდეგ შევახსენეთ, რომ ეს კითხვარი შესავსები იყო და დავაზუსტეთ დრო, როდის გადმოგვიგზავნიდა პასუხებს. გაგზავნილ მაილში ძალიან ცხადად ეწერა, რომ ეს კითხვარი პარტიის პოზიციების დაფიქსირებისთვის იყო, არა მხოლოდ მაილით, ეს  ისეც [სატელეფონო საუბრის დროსაც] ავუხსენით. ვფქირობ, მან ყურადღებით არ წაიკითხა იმეილი, შესაბამისად, ჩვენი ბრალი არაფერი არაა, პასუხები მივიღეთ როგორც რესპუბლიკური პარტიის ოფიციალურ პოზიციად”,- ამბობს ნატროშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას. ჩვენ შევეცადეთ თამარ კორძაისთან დაკავშირებას და კომუნიკაციის ფორმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ.

შეკითხვაზე, რატომ გაუგზავნეს კითხვარი რამდენიმე ლიდერს და არ გაგზავნეს პარტიის საერთო მაილზე, ლევან ნატროშვილმა გვიპასუხა, რომ ასეთი მაილი არ არსებობს, თუმცა “რესპუბლიკური პარტიის ვებ-გვერდზე საკონტაქტო ინფორმაციაში  info@republicans.ge  მითითებულია. ნატროშვილი ასევე ამბობს, რომ ლიდერებთან კითხვარის გაგზავნა იმიტომაც გადაწყვიტეს, რომ მიაჩნდათ, ამ გზით უფრო მეტი ყურადღება დაეთმობოდა კითხვარს. მისი თქმითვე, ასე მოიქცნენ სხვა პარტიების შემთხვევაშიც და რამდენიმე პირს გაუგზავნეს შეკითხვები:

“ნაციონალური მოძრაობიდან” პასუხები ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოგვაწოდა. კითხვარი გავუგზავნეთ რამდენიმე წევრს და ვუთხარით, რომ პარტიის პოზიცია გვაინტერესებდა.  “თავისუფალი დემოკრატების” პარტიის თანამშრომელი  იყო ის ადამიანი, ვინც პასუხები მოგვაწოდა. “მრეწველებიდან” ზურაბ ტყემალაძესთან გვქონდა კომუნიკაცია და მან გადაგვამისამართა მის ნდობით აღჭურვილ პირთან. ასე მოგვაწოდეს “მრეწველებმა” მათი პასუხები”,- ამბობს ნატროშვილი.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ზურაბ ტყემელაძეს, რომელმაც განგვიცხადა, რომ კითხვარი მას გაუგზავნეს, თუმცა არ იცის, პარტიის სხვა წარმომადგენლებსაც გაეგზავნათ თუ არა და ამას ვერც გაარკვევს. მისივე თქმით, შეკითხვებს პასუხები მსჯელობის ფორმატში გასცეს, თუმცა, ვინ იყო მის გარდა ჩართული აღნიშნულ პროცესში, არ დააკონკრეტა:

“მე ვარ პარტიის თავმჯდომარე და მე რა პასუხებსაც გადმოგცემთ, ბუნებრივია, გამოვხატავ პარტიის პოზიციას”,- გვეუბნება ტყემალაძე.

“ნეტგაზეთი” ცდილობდა “თავისუფლალ დემოკრტაებთან” დაკავშირებასაც. პარტიის პრესამსახურში ლევან ჯორბენაძესთან გადაგვამისამართეს, თუმცა ჯორბენაძეს ტელეფონი გამორთული ჰქონდა და შეკითხვებს არც წერილობით უპასუხა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი ამბობს, რომ ორგანიზაციამ კითხვარი ოფიციალურიად გაუგზავნა პარტიას:

“ამ პროცესში ჩართული ვიყავი. ორგანიზაციამ მოგვწერა, აგვიხსნა, რა პროექტია. იმის აღქმა არ ყოფილა, რომ ამას ინდივიდუალურად პარტიის რომელიმე წევრი ავსებდა. პასუხები ასახავს პარტიის პოზიციას”- ამბობს ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, შეკითხვებზე პასუხები საარჩევნო პროგრამის მიხედვით გასცეს, ხოლო იმ საკითხებზე, რომლებიც ცალსახად არ იყო პროგრამაში საუბარი, მსჯელობის შემდეგ უპასუხეს. “ნეტგაზეთის” შეკითხვას, ვინ იყო ამ მსჯელობის პროცეში ჩართული, ჭიაბერაშვილი ასე პასუხობს:

“ამ დეტალებს ჩემი აზრით არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მე ნამდვილად იყავი ჩართული. პროგრამის შემუშავებაში  ჩართული იყო ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც პარტიის შიგნით, ისე პარტიის გარეთაც. კითხვარზე პასუხები ასახავს იმ პროგრამის სულისკვეთებას, რა პროგრამაც შევადგინეთ. პასუხები ზოგ შემთხვევაში არის პირდაპირ გადმოტანილი პროგრამიდან, ზოგ შემთხვევაში, თუ ისეთი კითხვა იყო, რომელიც პროგრამაში ძალიან დეტალურად გაწერილი არ იყო, იმ სულისკვეთებით გავეცით პასუხი, რაც პროგრამიდან გამომდინარეობს”- ამბობს ჭიაბერაშვილი.

კიდევ ერთი გაუგებრობა მოხდა “გირჩთან” დაკავშირებით. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტა, რომ ქორწინების თანასწორობის შესახებ კითხვაზე “გირჩს” ცალსახა პასუხი არ გაუცია, რადგან კითხვის ფორმულირებას და სავარაუდო პასუხებს არ ეთანხმებოდა და ეს კომენტარების სახით მიუთითეს კიდეც, ხოლო ორგანიზაციამ მათი კომენტარების ინტერპრეტაციით თავად მიიღეს გადაწყვეტილება, რომელი პასუხი შეესაბამებოდა “გირჩის” პოზიციას. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალეობა- საქართველოს” ანალიტიკოსი გიორგი თოფურია, რომლის თქმითაც, კითხვარზე მიწერილი კომენტარების მიღების შემდეგ ისინი “გირჩის” წარმომადგენელს ზურაბ ჯაფარიძეს დაუკავშირდენენ და განუმარტეს, რომ ახალ პასუხებს ვეღარ დაამატებდნენ, რადგან სხვა პარტიებს უკვე შევსებული ჰქონდათ კითხვარი, რის შემდეგადაც ღიად დარჩენილ კითხვებზე პასუხი ზურა ჯაფარიძემ დააფიქსირა. აღნიშნული პასუხის შემდეგ მეგრელიშვილმა გამოთქმული მოსაზრების გამო ბოდიში მოიხადა.

ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ერთი კითხვა შედეგებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს და სხვაობის მაქსიმუმი მხოლოდ 2 %-ია. შეკითხვაზე, არსებობს, თუ არა შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიების შეთხვევაშიც ინდივიდუალურად შეევსოთ აღნიშნული კითხვარი რომელიმე წარმომადგენელს, გვპასუხობს:

“კორძაიას შემთხვევიდან გამომდინარე ვერაფერს გამოვრიცხავ, ,მაგრამ სხვა არავინ არ შეგვხმიანებია და ასეთი რამ არ უთქვამს. ჩვენ როგორც ვიცოდით, დაფიქსირებული პოზიციები შეთანხმებული იყო მთელ პარტიასთან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი