„დღეს სასამართლო გახდა ბერკეტი ადამიანების დასჯისა განსხვავებული აზრის გამო“, – განაცხადა მაკა ასათიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ, დღეს, 1 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც მაკა ასათიანის, სალომე ასათიანისა და ლუიზა თავართქილაძისთვის შ.პ.ს. „აკაში“ 20%–იანი წილის ჩამორთმევას შეეხებოდა.
„მაკა ასათიანის მიმართ განხორციელდა რევანში ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდაჭერის გამო, რადგან მისი მხარდაჭერის გარეშე „მაესტრო“ ვერ იმაუწყებლებდა“, – ასე შეაფასა დიმიტრი გაბუნიამ პარაკსევს, 27 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმადაც, წილის 20% – 900 000 ლარი – ყოფილ პარტნიორს, დავით ძოწენიძეს გადაეცა.
„ადამიანს, რომელსაც 14 წელია არ ახსოვს სად აქვს სამეწარმეო წილი და, მითუმეტეს, მერსედესში, მხოლოდ 2008 წელს ახსენდება, როდესაც მაკა ასათიანის განსხვავებული საზოგადოებრივი აზრი ფიქსირდება, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“, – აღნიშნა გაბუნიამ. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება და სამივე ინსტანციაში წაგების შემთხვევაში ევროსასამართლომდე მივა, თუმცა მანამდე მაკა ასათიანის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოსთვის სპეციალური მიმართვის გაკეთებას აპირებს:
„ამჟამად მაკას, ისევე როგორც სალომე ასათიანისა და ლუიზა თავართქილაძის წილები დაყადაღებულია, თუკი ესენი არ დაიცდიან იქამდე, სანამ საქმე სტრასბურგში წავა, შესაძლებელია, კუთვნილი 900 000 ლარი მათი დაყადაღებული წილიდან ჩამოაჭრან, რის შემდეგაც ფაქტიურად 100%–იანი წილის კონტროლი შეეძლებათ, ჩვენ შევეცდებით ეს პროცესი შევაჩეროთ“, – განაცხადა გაბუნიამ. ის სტრასბურგში 16 მაისს მიემგზავრება, სადაც მაკა ასათიანთან შეხვედრაცაა დანიშნული.
„მაკა ასათიანი საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს, რადგან აქ შეიძლება საფრთხე დაემუქროს“, – განაცხადა ადვოკატმა, თუმცა რა საფრთხეზეა საუბარი არ დაუკონკრეტებია.
დღევანდელ შეხვედრას მაკა ასათიანის, სალომე ასათიანის და ლუიზა თავართქილაძის ადვოკატების გარდა შ.პ.ს. „აკას“ წარმომადგენელი როინ მიგრიაულიც ესწრებოდა:
„ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია, რაც საქალაქო სასამართლომ შექმნა. შ.პ.ს. „აკა“ კავკასიაში მერსედესის ერთადერთი დისტრიბუტორია და ამ საქმემ შესაძლოა თანამშრომლობას საფრთხე შეუქმნას, მიუთმეტეს, რომ ფირმა ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი შემომტანია ბიუჯეტში“, – განაცხადა როინ მიგრიაულმა.