ახალი ამბები

გვარამიას თქმით, ოთარ სიჭინავა იუსტიციის საბჭოში სააკაშვილის მეზობლობის გამო დაინიშნა

1 სექტემბერი, 2016 •
გვარამიას თქმით, ოთარ სიჭინავა იუსტიციის საბჭოში სააკაშვილის მეზობლობის გამო დაინიშნა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 2006 წელს ოთარ სიჭინავას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მიიღო პასუხი, რომ სიჭინავა სააკაშვილის კარის მეზობელი იყო.

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

გვარამიას თქმითვე, ოთარ სიჭინავა სამართლებრივ საკითხებში უცოდინარია და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ერთგულების ნიშნით შეარჩიეს.

“2006 წელს იუსტიციის საბჭოს წევრი ვიყავი პარლამენტიდან და უცაბედად მოგვევლინა საბჭოს მუდმივ წევრად, პრეზიდენტის კვოტით. გამაოგნებელი კაცი იყო – სრულიად (ხაზგასმით – სრულიად) უცოდინარი სამართლებრივ საკითხებში, ბევრს ლაპარაკობდა იარაღზე და უსიამოვნოდ მლიქვნელობდა. ასეთები მანამდეც შემხვედრიან და მერეც (“9 წლის” განმავლობაში) და ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებდნენ. ნორმალურია-თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავია: პოლიტიკას, მით უფრო, დამწყებ დემოკრატიებში, ახასიათებს ერთგულების ნიშნით ადამიანების შერჩევა. რაოდენობას და თანამდებობას გააჩნია, უბრალოდ.

რომ ვიკითხე, საიდან მოვიდა-თქო, მომიგეს, პრეზიდენტის კარის მეზობელიაო. რომ გავაგრძელე სვლა მაღლა ვერტიკალით, მითხრეს, ერთგული და კარგი ბიჭია, შეიარაღების საკითხებში ერკვევა გადასარევადო. მთლად ასეთსაც არ მოველოდი და თვალები რომ გადმოვკარკლე, სხვა თემაზე გადამიტანეს საუბარი, სიჭინავა კი ათჯერ უფრო მლიქვნელი გახდა ჩემთან, ვიდრე მანამდე (უთხრეს, ეტყობა, შთაბეჭდილება მოეხდინა და ასე გაიგო. სხვანაირად როგორ უნდა გაეგო, ან რითი უნდა მოეხდინა შთაბეჭდილება? იარაღი მე არ მაინტერესებს და სხვა არაფერი იცოდა).

საკონსტიტუციოში რომ დანიშნეს, გულისამრევი და სამარცხვინოა-თქო, ყველას ვუთხარი, ვისაც ეხებოდა. მაგრამ რა აზრი ჰქონდა – დანიშნეს და მორჩა. პოლიტიკური გუნდურობის ეთიკა კი მოითხოვს, რომ შიგნით თქვა და გარეთ არ გაიტანო, თუ ქვეყნის დაქცევას და ღალატს არ ეხება საკითხი,”- წერს გვარამია. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნამდე ოთარ სიჭინავას მაღალ თანამდებობებზე არ უმუშავია:

1993-1996 წლებში მუშაობდა თბილისის პროკურატურის კანცელარიის მდივნად. 1996-1998 წლებში იყო თბილისის საბურთალოს რაიონის პროკურატურის სტაჟიორი. 1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს საინვესტიციო ცენტრში იურისტად. 2000-2002 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტ პარიზ 8-ში იურიდიულ ფაკულტეტზე თემპუს-ის პროგრამის ფარგლებში. 2000 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ისტორიის კათედრაზე ლაბორანტად.

ამის შემდეგ, 2005 წელს, სიჭინავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დაინიშნა, 2006 წლიდან კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.

ოთარ სიჭინავა იყო ერთ-ერთი მოსამარლე, რომელიც არ დასწრებია დღეს, 1 სექტემბერს, საკონსტიტუციო სასამართოში გიგი უგულავასა და “კაბელების საქმეზე” მსჯავრდებულების სარჩელის განხილვას. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, იგი იმ დროს, როდესაც ბათუმში სარჩელები იხილებოდა, თბილისში ძაღლებს ასეირნებდა.

მერაბ ტურავამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ სხდომაზე არ გამოცხადდა 5 მოსამართლე. სავარაუდოდ, სწორედ კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა სხდომა სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი