ახალი ამბები

სააკაშვილი: მლანძღონ, რა საშინელება გააკეთა

30 აპრილი, 2012 • 2674
სააკაშვილი: მლანძღონ, რა საშინელება გააკეთა

დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “GeoCapital”-ის ფილიალის გახსნას დაესწრო. მასთან ერთად ქალაქში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია იმყოფებოდა.

„დღეს რაც იხსნება, არის ლოგიკური გაგრძელება ყველაფერ იმისა, რაც ჩვენ გვინდოდა. პარლამენტი, შენობები, შადრევნები, თეატრები, ყველაფერი კარგია, მაგრამ მთავარია, იზრდება ბიზნესების მიკროდაფინანსება. კერძოდ, მცირე კრედიტები, დაბალი პროცენტით, რომ ხალხმა გააკეთოს პატარა საწარმოები,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობამ შეძლო ის, რომ საქართველოში არ არის ბიუროკრატია, რამაც ბიზნესის განვითარებას შეუწყო ხელი: 

„ჩვენ შევქმენით ისეთი გარემო, სადაც ასეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გახსნა არის შესაძლებელი. მე მივესალმები ამ ინიციატივას, ეს არის ამერიკული ინვესტიცია. ხომ პატარა ორგანიზაციაა, ხომ პატარა კრედიტებს გასცემს, მაგრამ ეს არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბოლო დროს ქუთაისში კეთდება, რადგან ხალხს ხელს შეუწყობს საქმის წამოწყებაში.”


დღესვე მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტირებული ცენტრალურ მოედანი და ლადო მესხიშვილის თეატრი დაათვალიერა.

სააკაშვილის თქმით, ქუთაისში, ე.წ. კოლხური შადრევანი თავიდან ბოლომდე მისი იდეა იყო:

“ეს შადრევანი არის ჩემი მოგონილი, საერთოდ და აწი ყველა ერთად ჩაერთოს და მლანძღონ, რა საშინელება გააკეთა მორიგი. ეს კოლხური ფიგურები ჩემი იდეა იყო, რომ მოგვეტანა მუზეუმიდან და გაგვედიდებინა. სხვათა შორის, ვერა ქობალია კოლხია და რომელ ცხოველს გაგონებთ?” – განაცხადა სააკაშვილმა.

ქუთაისის რეაბილიტირებული ცენტრალური მოედნის საზეიმო გახსნა 2 მაისს გაიმართება, ქუთაისქალაქობის ტრადიციულ დღესასწაულზე.

სააკაშვილის ქალაქიდან წასვლის შემდეგ ახალაშენებული შადრევნიდან წყალი ამოტუმბეს და ცხენის მონუმენტიც მოხსნეს, რის შემდეგაც სამუშაოები განახლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი