ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტრო ადვოკატის წინააღმდეგ პროფესიული ეთიკის კომისიას მიმართავს

1 სექტემბერი, 2016 • 1968
სასჯელაღსრულების სამინისტრო ადვოკატის წინააღმდეგ პროფესიული ეთიკის კომისიას მიმართავს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადება არღვევს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის ნორმებს და წარმოადგენს არაპროფესიულ დამოკიდებულებას საადვოკატო საქმიანობისადმი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან 31 აგვისტოს გაქცეული ბრალდებულის, ოთარ ვარამაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ  ბრალდებულის ადგილზე რომ ყოფილიყო, თვითონაც გაიქცეოდა, რადგან სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებაში პატიმრები და მსჯავრდებულები არასათანადო პირობებში იმყოფებიან.

სასჯელაღსრულეიბს სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ განცხადებას რეაგირების გარეშე არ დატოვებენ და საჩივრით  ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კომისიას მიმართავენ,  ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

“მისი განცხადება შეიცავს წაქეზებას პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული პირების მიმართ არასამართლებრივი ხერხებით თავი დააღწიონ სასჯელის მოხდას და არ დაემორჩილონ დაწესებულებებში დადგენილ წესებს. ამასთან, განცხადება საფრთხის შემცველია პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის და მიმართულია სისტემის დისკრედიტაციისკენ,” – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამაე განცხადების თანახმად,  N6 პენიტენციური დაწესებულება არის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, სადაც საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულები არიან განთავსებულნი და დაწესებულებაში მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები:

“აღსანიშნავია, რომ N6 დაწესებულებას გასულ წელს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, აღიჭურვა და მოეწყო  თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სადაც მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლებით, საშიშროების რისკის გათვალისწინებით. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ დაწესებულების მონიტორინგს, როგორც ინდივიდუალური ვიზიტების, ასევე, სისტემური მონიტორინგის ფარგლებში.”

სამინისტროს ცნობით, ოთარ ვარამაშვილი საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულია, შესაბამისად, ის სასჯელს სწორედ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა.:

“სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს. პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პატიმრის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დისციპლინური სახდელი, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება გაასაჩივროს სასამართლოში. სწორედ აღნიშნული უფლება გამოიყენა მსჯავრდებულმა ოთარ ვარამაშვილმა და 2016 წლის 31 აგვისტოს პატიმარი გაყვანილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში. სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პენიტენციური სისტემის დეზორგანიზებისკენ მიმართული განცხადებების გაკეთებისგან,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით,  გაქცევის შესახებ  განცხადება ეთიკური და პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე გააკეთა:

“ჩემი ეთიკიდან და პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე გავაკეთე ეს განცხადება, იქ არის არაადამიანური მოპყრობები. არაერთხელ მიგვიმართავს სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის და ყურადაც არ უღიათ ჩვენი მოთხოვნები. ეს არის სიმართლე და საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს.”

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ომბუდსმენის ოფისმა 2016 წლის 15 ივლისს გამოაქვეყნა ანგარიში ციხეებში არსებულ მდგომარეობის შესახებ. მისი განმარტებით, მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ  სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებაში, სადაც გაქცეული მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა, არსებითი პრობლემებია:

“ეს დაწესებულება განეკუთვნება პრობლემურ დაწესებულებათა რიგს, სადაც მთელი რიგი არსებითი პრობლემები და გამოწვევებია. მონიტორინგის ჯგუფს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პატიმრებსა და დაწესებულების პერსონალს შორის საკმაოდ კონფლიქტური ურთიერთობაა. რიგ შემთხვევებში მივიღეთ ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შესახებ. არსებობს ინფრასტრუქტურული პრობლემები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 23 საათის განმავლობაში პატიმრები საკანში იმყოფებიან, დღის განმავლობაში რაიმე საინტერესოს გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ, ოთხ კედელში არიან ჩაკეტილი, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს მათ მდგომარეობაზე. არ არის სარებილიტაციო აქტივობები. ასევე პრობლემებია სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება პატიმრის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე,” – ამბობს კვარახელია.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოდან 31 აგვისტოs ბრალდებულმა ოთარ ვარამიშვილმა  გაქცევა შემდეგ ვითარებაში მოახერხა:

“ბრალდებულმა ო.გ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა. ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა,”- აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

მომხდართან დაკაშირებით გამოძება  სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს “სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა, ანდა სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია”.

სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა განცხადება და ოთარ ვარამაშვილის ფოტო, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, გაქცეულის ნახვის შემთხვევში დაუკავშირდნენ ნომრებზე: 032 2 75 23 85, 577 28 25 19.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი