ახალი ამბები

ფანჯიკიძე: სააკაშვილის რეჟიმისგან დამოუკიდებლობა უნდა მივიღოთ

30 აპრილი, 2012 •
ფანჯიკიძე: სააკაშვილის რეჟიმისგან დამოუკიდებლობა უნდა მივიღოთ

კოალიცია “ქართული ოცნების” პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, 26 მაისის აქციით “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია დაიწყება.

აღნიშნულის შესახებ მან დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ არავის მიმართ არ გვაქვს მოთხოვნები. ჩვენ გვაქვს მხოლოდ მოწოდება ქართველი ხალხისადმი, რომ არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება და ეს გამოიხატება იმაში, რომ ყველამ უნდა იგრძნოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი. ეს არის ჩვენი მოწოდება, არ გვაქვს არანაირი მოთხოვნა არავის მიმართ. ჩვენ ხელისუფლებას ვაცლით ოქტომბრამდე ყოფნას, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს და არჩევნების გზით გავუშვებთ ოქტომბერში. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, საარჩევნო კამპანია იქნება მრავალფეროვანი, ძალიან საინტერესო და ამ კამპანიის დასაწყისი არის დიდი შეკრება სტადიონზე”, – აღნიშნავს პრესსპიკერი ფანჯიკიძე.

მისივე განცხადებით, დამოუკიდებლობის დღეს იწყება საქართველოს ახალი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.

“26 მაისი ყველას ეკუთვნის. არა მარტო ხელისუფლებას. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, აქედან გამომდინარე, ყველას აქვს უფლება, რაღაც დაუკავშიროს ამ მნიშვნელოვან თარიღს. დამოუკიდებლობის დღეს იწყება საქართველოს ახალი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ოღონდ ამჯერად დამოუკიდებლობა უნდა მივიღოთ სააკაშვილის რეჟიმისგან”, – განაცხადა ფანჯიკიძემ და აქვე დასძინა, რომ კოალიცია მასობრივი შეკრების უზრუნველსაყოფად ორ ვარიანტს განიხილავს – ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონს, ან მიხეილ მესხის სახელობის არენას 26 ან 27 მაისს.

“ჩვენთვის პრიორიტეტულია, აქცია ჩავატაროთ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, რომელიც 70 000 მაყურებელს იტევს. მაგრამ რადგან არ ვიცით, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩვენთვის 26 მაისს სტადიონის დათმობა, ამიტომ ჩვენ სტადიონის ხელმძღვანელობას შევთავაზეთ, სტადიონის გაქირავების დღედ განიხილოს 27 მაისიც. თუკი არც ერთ დღეს არ მოხერხდება სტადიონის დაქირავება,  მაშინ გვაქვს მეორე ალტერნატივაც – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, რომელიც შედარებით პატარაა”, -აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მან ასევე კომენტარი “სახალხო კრების” მიერ ამავე დღეს დაგეგმილ აქციაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მათთვის უცნობია, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამ ორი აქციის ერთმანეთთან დაკავშირება.  

“ჩვენ არავითარი ინფორმაცია პირადად “სახალხო კრებისგან” არ მიგვიღია. ჩემთვისაც ცნობილია ის, რომ მათ განაცხადეს, რომ აპირებენ 26 მაისს ღონისძიების ჩატარებას. იმისდა მიხედვით, რა შემოთავაზება მოვა მათგან, საკითხი განიხილება. ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკება ან მსჯელობ იმის შესახებ, თუ რანაირად შეიძლება ეს ორი აქცია ერთმანეთს ან დაუკავშირდეს, ან არ დაუკავშირდეს, არ ყოფილა”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი