ახალი ამბები

სახელმწიფო ქონება და “25-ე არხის” მფლობელები

30 აპრილი, 2012 • 2484
სახელმწიფო ქონება და “25-ე არხის” მფლობელები

2012 წლის 24 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვისა და ლევან ვარშალომიძის ბრძანების საფუძველზე, თითქმის 2 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება თბილისსა და ბათუმში სახელმწიფომ “ტელეარხი 25”-ის დამფუძნებლების ახლო ნათესავებს გადასცა. “ბათუმელებმა” საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა პირობით და რამდენ ლარად გადაეცა ეს ქონება პირდაპირი მიყიდვის გზით სამ მოქალაქეს. რეესტრმა კანონით დადგენილ ვადებში ამ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა.

მერი ქარცივაძეს, ლელა მითაიშვილსა და ირაკლი კრიჭაშვილს, რომლებიც “ტელეარხი 25”-ის დამფუძნებლების ახლო ნათესავები არიან, სახელმწიფომ 2012 წლის 24 თებერვალს 1100 კვადრატული მეტრი ქონება გადასცა თბილისსა და ბათუმში. სამივე მოქალაქეს ქონების დარეგისტრირებას მთლიანობაში 45 წუთი დასჭირდა. სამივემ ქონების დარეგისტრირება დაიწყო არასამუშაო საათებში – შვიდი საათის შემდეგ და რვა საათამდე დაასრულა.

2012 წლის თებერვლის ბოლოს “ტელეარხ 25”-ში შეიცვალა ხელმძღვანელი, ანუ ერთ-ერთი დამფუძნებელი – მოქმედი დირექტორი მერაბ მერკვილაძე გადადგა თანამდებობიდან. ის მეორე დამფუძნებელმა – გიორგი სურმანიძემ შეცვალა.

“ტელერახი 25”-ის დამფუძნებლის მალხაზ ვერძაძის ნათესავი

“ტელეარხ 25”-ს ამ ეტაპზე სამი დამფუძნებელი ჰყავს, ერთ-ერთი მათგანი მალხაზ ვერძაძეა. 2012 წლის 24 თებერვალს ლევან ვარშალომიძემ სწორედ მალხაზ ვერძაძის სიდედრს, მერი ქარცივაძეს გადასცა 269 კვადრატული მეტრი ფართობი ბათუმის ცენტრალურ უბანში, მემედ აბაშიძის გამზირის #46-ში. მანამდე მერი ქარცივაძეს სახელზე არავითარი ქონება არ იყო დარეგისტრირებული.

მერი ქარცივაძეს 24 თებერვალს კიდევ ორი ქონება – მთლიანობაში 106 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი გადასცა სახელმწიფომ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე.

იმავე დღეს ქარცივაძეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე 94 კვადრატული მეტრი კომერციული ფართობი თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირის 34 ნომერშიც გადაეცა.
24 თებერვალს მერი ქარცივაძეს სახელმწიფომ თბილისსა და ბათუმში, ჯამში, 470-მდე კვადრატული მეტრი ფართობი გადასცა.

მემედ აბაშიძის გამზირის #46-ში არსებული ქონება, გაყიდვამდე, ეკუთვნოდა სახელმწიფო შპს “სამედიცინო განათლებას”, რომელშიც კომერციული – სამედიცინო ინსტიტუტიც იყო განთავსებული. ინსტიტუტს ქონება იჯარით ჰქონდა აღებული.

ამ შპს-ს დირექტორისთვის, გულიკო ყიფიანისთვის უცნობია, რა ფასად გაიყიდა ქონება, რომელიც მისი ორგანიზაციის ბალანსზე ირიცხებოდა:

“ფართობი იყო სახელმწიფოსი. არ ვიცი, რამდენად გაიყიდა. ჩვენთან ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, არქივი და მუზეუმი. ეს არის უნიკალური ქონება, რომელსაც თანამშრომლები, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ ვუვლით. რაც შეეხება სამედიცინო ინსტიტუტს, რომელსაც ეს ფართობი იჯარით ჰქონდა აღებული, გარიგება გვქონდა – უნდა გამოეყენებინა გარკვეული ნაწილი. ზუსტად არ მახსოვს, მგონი შენობის რემონტში ინსტიტუტმა 40 ათასი დოლარი დახარჯა”.

გულიკო ყიფიანმა “ბათუმელებთან” დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალხაზ ვერძაძე იყო მათ კომპანიაში მისული: “მალხაზ ვერძაძე პირადად ჩემთან არ მოსულა, მაგრამ დაწესებულებაში იყო. როცა ქონებას იძენ და შენს ქონებაში სხვა ვინმეა, ცხადია, მოითხოვ თანხის გადახდას…”

საბაზრო ფასების მიხედვით, სახელმწიფომ მერი ქარცივაძეს 640 ათას დოლარზე მეტი ღირებულების ქონება მისცა.

მალხაზ ვერძაძის ოჯახი კიდევ ერთი ძვირადღირებული ქონების მფლობელი 19 აპრილს გახდა. არხის 25%-იანი მეწილის მეუღლემ გურანდა ხაბაძემ, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის 54 ნომერში 19 აპრილს ორი ბინა იყიდა, მთლიანობაში, 185 კვადრატულ მეტრ ფართობში მან 104 ათასი დოლარი გადაიხადა. ოღონდ, ამ შემთხვევაში, გარიგება ვერძაძეების ოჯახს სახელმწიფოსთან არ დაუდია – ქონება კერძო კომპანიისგან შეისყიდეს.

19 აპრილს იმავე ბინაში 140 კვადრატული მეტრი ფართობი დაირეგისტრირა “25-ე არხის” კიდევ ერთმა, ოღონდ ყოფილმა მფლობელმა, ემზარ ჩხარტიშვილმა. ჩხარტიშვილმა ამ ბინაში 77 300 დოლარი გადაიხადა.

რატომ და რა პირობით გადასცა მერი ქარცივაძეს სახელმწიფომ ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით? – საჯარო რეესტრში “ბათუმელებს” ამ კითხვაზე არ უპასუხეს, ამიტომაც ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მერი ქარცივაძეს დავუკავშირდით:

– ეს ჩემი ბიჭისაა, მოსკოვში ცხოვრობს და მე ვერაფერს გეტყვით, – გვითხრა მან.
– რა ფასად გადმოგცათ ქონება სახელმწიფომ?
– ეს ახლა აღარაა საჭირო, ეს ჩვენ ვიცით. ეს ჩემი ოჯახური პირობების საქმეა. ეს უკვე ჩემია და მინდა გავყიდი, მინდა გავაკეთებ, მინდა მოვიხმარ. ეს ჩემი შვილისაა და მე არაფერი ვიცი, მაგრამ ჩემი საკუთრება რომც იყოს, მაინც არ გეტყვით, როგორც მინდა, ისე მოვიხმარ… თქვენ ვინ ბრძანდებით, არ ვიცი, ვისი იმით მირეკავთ, არ ვიცი, მაგრამ ეს ყველა ჩემი საკუთრებაა.
– ანუ ეს თქვენი სიძის ბიზნესს, “ტელეარხ 25”-ს არ უკავშირდება?
– ცრუ ინფორმაციაა, ეს ჩემი შვილისაა.

“ბათუმელები” დაუკავშირდა მალხაზ ვერძაძეს, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“მე არ ვიცი არაფერი, გავერკვევი, ხვალ დამირეკეთ, თუ გაინტერესებთ და გაგცემთ ამომწურავ პასუხს. ხომ ვერ ვიმარჩიელებ. ეგ ქონება ჩემი ცოლის ძმისაა, მე როგორც ვიცი. მოსკოვში ცხოვრობს. თქვენ თქვენი ნათესავების ქონებაზე პასუხს აგებთ? თვითონ მესაკუთრეს ჰკითხეთ, მე რატომ მაკავშირებთ მაგ ამბავთან, ვერ გავიგე”.

“ტელერახი 25”-ის დამფუძნებლის მერაბ მერკვილაძის ნათესავი

24 თებერვალს სახელმწიფომ ქონება თბილისში გადასცა ირაკლი კრიჭაშვილსაც, რომელიც “ტელეარხი 25”-ის ყოფილი დირექტორის, მერაბ მერკვილაძის დეიდაშვილის, ნატო ბაზიაშვილის მეუღლეა. ოთხი სხვადასხვა ზომის ობიექტი, მთლიანობაში 132 კვადრატული მეტრი კომერციული ფართობი ირაკლი კრიჭაშვილსაც ჭავჭავაძის გამზირის 43 ნომერში გადასცეს. “ბათუმელები” ესაუბრა ამ მისამართზე არსებული გასაყიდი სავაჭრო ობიექტების ორ კერძო მესაკუთრეს. მათ შევაჭრების შემდეგ ერთი კვადრატულის ფასი 4 ათასიდან 3 ათას დოლარამდე დააკლეს.

კრიჭაშვილს თბილისში, დიღმის მასივშიც შეხვდა ქონება – 165,80 კვადრატული მეტრი ფართობი.

ჭავჭავაძის გამზირის 34 ნომერში გასაყიდი ობიექტების ფასებით თუ ვიმსჯელებთ, კრიჭაშვილს სახელმწიფომ მინიმუმ 400 ათასი დოლარის ქონება გადასცა, რასაც დიღომში გადაცემული ქონების ღირებულებაც ემატება.

ჯამში, მერაბ მერკვილაძის დეიდაშვილის ოჯახმა, 23 თებერვალს გამოცემული ბრძანებების საფუძველზე, სახელმწიფოსგან 300 კვადრატული მეტრი კომერციული ფართობი მიიღო თბილისში.

ირაკლი კრიჭაშვილის სახელზე საჯარო რეესტრში 2012 წლის 24 თებერვლამდე მხოლოდ ერთი ბინა იყო რეგისტრირებული.

რა მიზნით და რა თანხის სანაცვლოდ გადასცა სახელმწიფომ ქონება? – “ბათუმელები” ნატო ბაზიაშვილს, ირაკლი კრიჭაშვილის მეუღლეს ესაუბრა.

– ქალბატონო ნატო, ბატონ ირაკლისთვის გვინდოდა გვეკითხა, ახლახან სახელმწიფომ ქონება რამდენ ლარად გადმოგცათ?
– მეც შემიძლია გაგცეთ პასუხი, ოჯახია და ვიცით, ახლა რაც არის, მაგრამ აუცილებლად უნდა გიპასუხოთ მაგ კითხვებზე? რაც ჩანს, საჯაროდ ჩანს და სხვა ჩვენი პირადია.
– რა პირობით გადმოგცათ?
– ეს არის ჩვენი პირადი და არ არის აუცილებელი გიპასუხოთ.
– ამ ქონების გადმოცემა არ უკავშირდება იმას, რომ 25-ე არხის ერთ-ერთი მეწილის ახლობელი ხართ?
– აი, ეხლა მივხვდი, რატომაც მიკავშირდებით. არანაირად… ეს ყველაფერი იქედან მოდის, რახან მერაბია ჩემი დეიდაშვილი? მე როგორც ვიცი, ჩვენ ქონება სახელმწიფოსგან არ გვიყიდია.

წლის დასაწყისში მერაბ მერკვილაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ის არხზე მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში გადავიდა. საირმის ქუჩაზე 122 კვადრატული მეტრი ბინა მერაბ მერკვილაძემ საკუთრებად 23 მარტს დაირეგისტრირა. არხის ყოფილმა დირექტორმა ბინა მარინა ქვათაძისგან იყიდა. მან 5 აპრილს დაფარა იპოთეკის თანხა, რომელიც მარინა ქვათაძეს “პროკრედიტ ბანკთან” ჰქონდა გაფორმებული. მერაბ მერკვილაძემ ბინა 90 ათას დოლარად შეიძინა.

“ბათუმელები” მერაბ მერკვილაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, არხის დამფუძნებლების ნათესავებისთვის ქონების გადაცემა გარიგების ფორმა ხომ არ არის არხსა და სახელმწიფოს შორის?

მერაბ მერკვილაძე: “მე ჩემი ახლობლების ქონებაზე არ ვაგებ პასუხს და საიდან უნდა ვიცოდე, სხვისმა ახლობლებმა რა შეიძინეს? ჩემი წამოსვლის შესახებ კომენტარი დავწერე სოციალურ ქსელში, ეს უკავშირდებოდა იმას, რომ ერთი-ორი წელია მინდა თბილისში გადმოსვლა საცხოვრებლად და ამის გამო აქედან ვერ ვმართავდი ტელევიზიას და ამის გამო შეიცვალა დირექტორი არხზე. სხვა მიზეზებიც იყო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მეტი ახლა ახლობლების ქონება რა კავშირშია არხთან, მართლა არ მესმის”.

“ტელეარხი 25”-ის დამფუძნებლისა და დირექტორის გია სურმანიძის ნათესავი

ლევან ვარშალომიძისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 24 თებერვალს სახელმწიფომ ქონება მისცა არხის ამჟამინდელი დირექტორისა და 50% წილის მფლობელის, გიორგი სურმანიძის დეიდაშვილს, ლელა მითაიშვილსაც. მას სახელმწიფომ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის #19-ში გადასცა 184.90 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი. ძველ ბათუმში მითაიშვილს სახელმწიფომ კიდევ 78 კვადრატული მეტრი შენობაც მისცა პირდაპირი მიყიდვის წესით.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 34 ნომერში, 29 კვადრატული მეტრი კომერციული ფართობი ლელა მითაიშვილსაც შეხვდა. მასვე მისცა სახელმწიფომ ბინა თბილისში, დიღმის მასივში (კვარტალი V, კორპუსი; რეესტრში არ არის მითითებული, რამდენი კვადრატული მეტრია ეს ქონება. მხოლოდ 2-ოროთახიანი ბინა წერია).

ჯამში, ლელა მითაიშვილს მთავრობამ 24 თებერვალს 292 კვადრატული მეტრი ფართობი და ოროთახიანი ბინა გადასცა. შესაბამისად, ლელა მითაიშვილს მთავრობამ, საბაზრო ფასების მიხედვით, დაახლოებით 490 ათასი დოლარის ღირებულების ქონება და ოროთახიანი ბინა მიაკუთვნა.

“ბათუმელებმა” სცადა, დაკავშირებოდა ლელა მითაიშვილს. ჩვენ მიერ მოპოვებულ ტელეფონს რატი მგელაძემ, ანუ ქონების მფლობელის მეუღლემ უპასუხა:

” – მაგაზე არ გაგიკეთებთ კომენტარს. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ კანონს ვარღვევ, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს. იმის გარდა, რომ თქვენ გესაუბროთ, ბევრი საქმე მაქვს. ექვს თვეში ნახავთ, რა ინვესტიცია ჩაიდება. მეტი კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს… “25-ე არხს” ეს რატომ უნდა უკავშირდებოდეს? გია სურმანიძესთან ერთად მე გავიზარდე, გარდა იმისა, რომ ნათესავია, მეგობარია. მაგრამ რა შუაშია ჩემი ქონება გიას ტელეარხთან? ეგ ჩემი ოჯახის პირადი საქმეა, იმას ვეღარ მოგახსენებთ, პირი დილით როდის დავიბანე”.

“ბათუმელებმა” იმავე კითხვით მიმართა გია სურმანიძესაც: “მე ვიცი ჩემი დეიდაშვილის ამბავი – რაღაც ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. ჩემს დეიდაშვილს ძალიან ახლო ნათესავი ჰყავს რუსეთში, რომელიც მშენებელია. მან უნდა განახორციელოს ინვესტიციები საქართველოში, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რა ხდება. პრინციპში, თქვენ რაც გაინტერესებთ – ტელევიზიასთან კავშირი, საერთოდ არ უკავშირდება…

ჩვენთან 23 თებერვალს არ მომხდარა ცვლილება, ცვლილება მოხდა მარტის შუა რიცხვებში… თქვენ რისი თქმა გინდათ, რომ ჩვენ ეს ქონება გავცვალეთ ტელევიზიაში და გადავუფორმეთ ახლო ნათესაობას? ჩემი ქონება თუა, დეიდაშვილთან რატომ უნდა იყოს?.. რა ქონებაა ასეთი, რომ ტელევიზიაზე მეტი ღირს. ბოლოს და ბოლოს, გავყიდი და ფულია ტელევიზია. სერიოზული თანხა ღირს და სურვილი ყველას აქვს, რომ იყიდოს… მე რომ განვაცხადო, ტელევიზიას ვყიდი-მეთქი, როგორ ფიქრობთ, არ გამოჩნდება ხალხი? აქედან გამომდინარე, პირდაპირ გავყიდი და არა ასეთ არეულ სიტუაციაში. ამ ლოგიკითაც იმსჯელეთ…”

“ტელეარხი 25”-ი დამოუკიდებელი ტელეკომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით სარგებლობს. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, “ტელეარხი 25” რეგიონულ ტელევიზიებს შორის არის ყველაზე ყურებადი არხი და მაყურებლის მაღალი ნდობით სარგებლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი