სომეხ პოლიტოლოგს, სომხეთში გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებში ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს რუსეთის ფედერაციაში 2030 წლამდე შესვლა აუკრძალეს.
აღნიშნული ამბის შესახებ თავად გრიგორიანმა 2016 წლის 30 აგვისტოს შეიტყო, როდესაც მოსკოვში, მამის საფლავის მოსანახულებლად ჩასულს, შერემეტევოს აეროპორტის მესაზღვრეებმა ამ შეზღუდვის შესახებ აცნობეს.
“როგორც აღმოჩნდა, 2030 წლამდე რუსეთში შესვლა აკრძალული მაქვს. მიმითითეს რუსეთის ფედერალური კანონი “რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და დატოვების წესის შესახებ”, სადაც ძირითადად საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სხვადასხვა კრმინალურ და კანონსაწინაღმდეგო ქმედებებზე. ყოველივე ეს მე არ მეხება, რადგან რაიმე საქმიანობას რუსეთის ტერიტორიაზე არ ვაწარმოებ. აქ მნიშვნელოვანია ამ კანონის 26-ე მუხლის მე-9 პუნქტი, სადაც განმარტებულია უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეთა გაძევებაზე, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობენ. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ჩემს დაქვემდებარებაში არსებული ანალიტიკური ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ არასამთავრობოებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან და სხვა დემოკრატიულ ფონდებთან. გარდა ამისა, ჩვენ არ ვმალავთ, რომ სომეხი ხალხის მომავალს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროპულ ოჯახში ვხედავთ”, – წერს გრიგორიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
მისი განცხადებითვე, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. სტეპან გრიგორიანი ამბობს, რომ მან უკვე მიმართა საკუთარი უფლებების დაცვის საკითხზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და პასუხს ელოდება.
“რამდენიმე დღე პასუხს დაველოდები, რის შემდეგაც თავად დავიწყებ მოქმედებებს ჩემი უფლებების დასაცავად”.






