ახალი ამბები

მეცხრე არხი მაუწყებლობას რამდენიმე საათში დაიწყებს

30 აპრილი, 2012 • • 2368
მეცხრე არხი  მაუწყებლობას რამდენიმე საათში დაიწყებს

ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია ”მეცხრე არხი” დღეს, 30 აპრილს, საღამოს 9 საათზე მაუწყებლობას მთავარი საინფორმაციო გამოშვებით დაიწყებს, რომლის წამყვანიც ”რუსთავი 2-ის” ყოფილი სახე ნათია ლაზაშვილი იქნება.

ტელერახის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ჯერეჯრობით საცდელი მაუწყებლობა დღის განმავლობაში 15 საათს გაგრძელდება, ზფხულიდან კი ეთერი სრულად, 24-საათიანი მაუწყებლობით დაიტვირთება. ”მეცხრე არხის” ყურება შეეძლებათ სატელიტური ანტენების მფლობელებს, ასევე კომპანია ”გლობალ ტვს” აბონენტებს. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის, კომპანია ”მაგთისატი” ჩართავს თუ არა ”მეცხრე არხს” სამაუწყებლო პაკეტში. ”მეცხრე არხის” საკუთარი მაყურებელებისთვის შეთავაზებაზე უარი განაცხადეს ”სილქ ტვ-მ” და ”კავკასუს ტვ-მ”. 

”მეცხრე არხის” ყურება შესაძლებელი იქნება ინტერნეტით როგორც ტელეკომპანიის ფეისბუქის გვერდზე, ისე ვებგვერდზე– tv9.ge.

კახა ბექაურის განცხადებით, საბაჟოზე დაზიანებული ტექნიკის გამო არხს კუსტარული ტექნიკით უწევს ეთერში გასვლა და დაწყებულია ტელევიზიისთვის საჭირო ინვენტარის ალტერნატიული, უსაფრთხო გზებით ქვეყანაში შემოტანა. გარდა ამისა, თითქმის დასრულებულია ტელეკომპანიის რეგიონული ბიუროების ფორმირება. ბექაურის თქმით, იგეგმება 40-მდე რეგიონული ბიუროს გახსნა საქართველოს მასშტაბით. ამჟამად ტელეკომპანიის წარმომადგენლები ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებას ცდილობენ. ”მეცხრე არხის” დირექტორის თქმით, რეგიონებში გართულდა ტელეარხისთვის ოფისების დაქირავება, რადგან, როგორც კი იგებენ, რომ ფართის დაქირავება ”მეცხრე არხისთვის” სურთ, კონტრაქტის გაფორმებაზე ფართის მფლობელები უარს ამბობენ.

მთავარი საინფორმაციო გამოშვების გარდა, დღის განმავლობაში ”მეცხრე არხის” ეთერში გავა ორი საინფორმაციო გამოშვება, ასევე გოგი ახალკაცის ტოქშოუ და შალვა რამიშვილის სტუდიის მიერ მომზადებული სატირული ფილმი.

ტელეკომპანია ”მეცხრე არხი” კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვეელიძის საკუთრებაა. ბიძინა ივანიშვილი წლების წინაც ფლობდა ”მეცხრე არხს”, თუმცა 2004 წლის პირველ აპრილს ტელეარხი მოულოდნელად დახურა. ტელეარხის აღდგენა ივანიშვილისთვის აქტულაური 2011 წლის შემოდგომაზე, პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ გახდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი