მას შემდეგ, რაც საქართველოს ტელემედია ბაზარზე ახალი მსხვილი სუბიექტი გაჩნდა “მე-9 არხის” სახით, ტელეკომპანიების ნაწილმა პრევენციულ ზომებს მიმართა, კადრების გადინების შეჩერების მიზნით. ახალი შრომითი კონტრაქტების მიხედვით, ტელევიზიების ხელმძღვანელებს შეუძლიათ დასაქმებულებს 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრონ.
”ნეტგაზეთმა” მოიპოვა შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ტელეკომპანია ”იმედის” გენერალური დირექტორი გიორგი ლომინაძე უფორმებს ამავე ტელეარხის ერთ-ერთ ჟურნალისტს.
აღნიშნული ხელშეკრულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში წერია: ”დასაქმებულის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შემთხვევაში, დასაქმებულს შესაძლოა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით”.
მსგავსი ხელშეკრულებები ”იმედის” თანამშრომლებს 3 წლის ვადით უფორმდებათ. ხელშეკრულების დადების თარიღად დოკუმენტში 2012 წლის პირველი თებერვალია მითითებული, თუმცა ჟურნალისტთა ნაწილს ახალ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა რამდენიმე დღის წინ, აპრილში შესთავაზეს.
ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს, რომ მსგავსი პირობით ხელშეკრულება ტელეარხთან აქამდე არ ჰქონიათ დადებული და მოსალოდნელი 50 000-ლარიანი პირგასამტეხლო სიახლეა.
შრომითი ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტისთვის პირგამსატეხლოს – 50 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ ”რუსთავი 2″-ის თანამშრომლებსაც, თუმცა ამას ტელეკომპანიის რამდენიმე ჟურნალისტი მხოლოდ პირად საუბარში ადასტურებს.
”რუსთავი 2″-ის თანამშრომლების განცხადებით, ”იმედისგან” განსხვავებით, ”რუსთავი 2” მათ ექვსთვიან შრომით ხელშეკრულებებს სთავაზობს.
“ნეტგაზეთი” შეეცადა ტელეიმედის ხელმძღვანელებთან დაკავშირებას: არხის ერთ-ერთი მფლობელი გიორგი არველაძე, როგორც მისმა მდივანმა გვითხრა, საქართველოში არ იმყოფება. გენერალურმა დირექტორმა გიორგი ლომინაძემ და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მათე კირვალიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
”მე, როგორც ”რუსთავი 2″-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, საჭიროდ არ მივიჩნევ სხვა მედიასაშუალებასთან შიდა ორგანიზაციულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას,” – გვითხრა ”რუსთავი 2″-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა.
ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” გენერალურმა დირექტორმა ”ნეტაზეთს” განუცხადა, რომ ”იმედისა” და ”რუსთავი 2″-ის თანამშრომლებს ახალი კონტრაქტები ბაზარზე ”მეცხრე არხის” გამოჩენის შემდეგ შესთავაზეს.
”არა მარტო ჟურნალისტებთან, სხვა პერსონალთანაც – ოპერატორებთან, მემონტაჟეებთან – ვაწარმოებდით მოლაპარაკებას და ეს კონტრაქტი იყო დამაბრკოლებელი. თან, ამ თანამშრომლებს ეს კონტრაქტები თან არ ჰქონდათ, რადგან ხელმოწერის შემდეგ ორივე ეგზემპლარი თავად ადმინისტრაციამ დაიტოვა. იმდენად კაბალური კონტრაქტებია, რომ მათი გამოჩენა არც უნდათ,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” კახა ბექაურმა.
ტელეკომპანია ”იმედის” მიერ თანამშრომლისთვის შეთავაზებული შრომითი ხელშეკრულება ჩვენ გავაცანით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს, იურისტ თამარ კორძაიას:
”ეს არის წარმოუდგენლად დიდი პირგასამტეხლო, რადგან ხელშეკრულების ღირებულება არის 1000-დან 2000 ლარამდე და როცა ასეთი ხელფასის ადამიანს სთავაზობ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 50 ათასს, რომლის გადახდაც ადამიანს მთელი ცხოვრება მოუწევს, ამას ჰქვია კაბალური ხელშეკრულება. ეს, ფაქტობრივად, მონობის შეთავაზებაა. შეიძლება, ამ ადამიანებს ხელფასს უხდიან, მაგრამ ის, რომ ადამიანს ართმევ უფლებას, თავისი სურვილით გამოიცვალოს სამსახური, არის პატრონყმური დამოკიდებულება,” – მიიჩნევს თამარ კორძაია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტზე, რომელიც ტელეკომპანიის თანამშრომელს უკრძალავს ტელეკომპანიაში მიღებული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გამოყენებას სხვა კონკურენტის სასარგებლოდ, ხელშეკრულების გაწყვეტიდან 18 თვის მანძილზე.
თამარ კორძაიას შეფასებით, ამგვარ შეზღუდვას საქართველოს შრომის კოდექსი ითავლისწინებს, თუმცა ეს გაართულებს იმ ჟურნალისტების მდგომარეობას, რომლებიც ტელეკომპანია ”იმედში” მუშაობას თავს დაანებებენ და სხვა მედიასაშუალებაში მოინდომებენ სამსახურის პოვნას.
”ამ ყველაფერს ართულებს ის, რომ ამ კონტრაქტით ეს ადამიანები მიბმულნი იქნებიან ამ ტელეკომპანიაზე. ჟურნალისტებმა მსგავს კონტრაქტს არ უნდა მოაწერონ ხელი,” – აცხადებს თამარ კორძაია.
თამარ კორძაიას თქმით, დასაქმებულისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას შრომის კოდექსი ითვალისწინებს და ეს არ არის კანონდარღვევა, თუმცა პირგასამტეხლოს თანხა უნდა იყოს გონივრული, რომ ადამიანმა შეძლოს მისი გადახდა. იურისტი მიიჩნევს, რომ შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს თანაბარ პირობებში უნდა აყენებდეს, რაც ”იმედის” მიერ საკუთარი თანამშრომლისთვის შეთავაზებულ ხელშეკრულებაში ასახული არ არის და დასაქმებულს გამოუვალ სიტუაციაში აყენებს.