ახალი ამბები

ცესკო არჩევნებისთვის პლაკატების საკითხის მოწესრიგებას იწყებს

27 აპრილი, 2012 •
ცესკო არჩევნებისთვის პლაკატების საკითხის მოწესრიგებას იწყებს

“ცენტრალური საარჩევნო კომისია” წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების პლაკატების ქალაქში განთავსებისა და განაწილების მოწესრიგებას გეგმავს.

აღნიშნული ინიციატივა დღეს სასტუმრო “ქორთიარდ–მარიოტში”, თბილისის საკრებულოს წევრებთან და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, განიხილა ცესკოს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა.

მისი განცხადებით, წინა არჩევნებმა აჩვენა, რომ ამ მხრივ სრულიად მოუწესრიგებელი სიტუაციაა.

“არის მოუწესრიგებელი სააგიტაციო საარჩევნო პლაკატები ქუჩებში, ეს განსაკუთრებით დიდ ქლაქებს ეხება. პრობლემები არის შემდეგი, რომ გაკვრის დროს ხდება ხოლმე ქიშპობა, ერთმანეთის პლაკატების ჩამოხევა, რაც, საერთო ჯამში, ქმნის საკმაოდ ცუდ აურას არჩევნების გარშემო. ასევე, ცალკეულ შემთხვევაში ეს პლაკატები და მათი განთავსება აზიანებს ქალაქის იერსახესაც”, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს, თუ როგორ უნდა მოხდეს კორპუსებზე პლაკატების განთავსება.

“ეროვნული ფორუმის” გენერალური მდივნის მოადგილის, თემურ მაისურაძის განცხადებით, თუ ნებართვა გაიცემა იმაზე, რომ ამხანაგობა თანახმაა, პლაკატი იქნას გაკრული კორპუსზე, ეს ავტომატურად უნდა გავრცელდეს ყველა პოლიტიკურ სუბიექტზე, რომ დემოკრატიულობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი იყოს გამოკვეთილი.

“ამხანაგობები, ალბათ, თვითონ დასვამენ პირობებს იმიტომ, რომ ის არის ამხანაგობა, თავისი კორპუსი თვითონ იციან და გამოყოფენ სპეციალურ ადგილებს პლაკატების განთავსებისთვის. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური სუბიექტი ვალდებული იქნება, გამოიყენოს ის ნებართვა, რომელიც კონკრეტულ სუბიექტს ექნება. ასე რომ, აქ შეზღუდვას თვითონ ამხანაგობა დააყენებს”, – აღნიშნავს “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელი.

ცესკო გამოვიდა ინიციატივით, რომ თვითონ  მოამზადებს ამ კონკრეტულ საკითხზე წინადადებებს, რეკომენდაციებს და შემდეგ ეს იქნება აღსასრულებლად გადაცემული შესაბამისი ორგანოსთვის.

ასევე, ცესკომ ადგილობრივ თვითმმართველობებს დაავალა, პირველ ივლისამდე განსაზღვრონ ის ზუსტი ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება პოლიტიკური პარტიების პლაკატების განთავსება.

თუმცა, რა ფორმით მოხდება პოლიტიკური პლაკატების განთავსება ქალაქებში, ამ საკითხზე რეკომენდაციებს ცესკო მაისის დასაწყისში გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი