არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ამომრჩეველს ახალ ვებ-გვერდს Chemikhma.ge-ს სთავაზობს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საიტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს.
ვებზე განთავსებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 36 დახურული კითხვისგან შედგება. ასევე, მოცემულია ამ კითხვებზე საქართველოში მოქმედი 7 ძირითადი პოლიტიკური პარტიის პასუხები. ესენია:
- დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- ეროვნული ფორუმი
- თავისუფალი დემოკრატები
- მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
- პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის – გირჩი
- საქართველოს რესპუბლიკური პარტია
ამომრჩეველს საშუალება აქვს, შეავსოს კითხვარი და გაიგოს, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებებთან დგას იგი ყველაზე ახლოს. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ მომხმარებელს ვებგვერდი აჩვენებს შედეგს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან რამდენპროცენტიანი თანხვედრა აქვ.
პროცენტული თანხვედრა გამოითვლება შემდეგნაირად: თუ კონკრეტულ კითხვაზე ვებგვერდის მომხმარებლისა და პოლიტიკური პარტიის პასუხები სრულიად იდენტურია, ამ კითხვაში პარტიას მიენიჭება 100%. თუ ამომრჩევლისა და პარტიის პასუხები არ არის სრულიად იდენტური, მაგრამ მსგავსია, პარტიას მიენიჭება 75%. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩევლისა და პარტიის პასუხები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, პარტიას ენიჭება 0%.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საიტზე განთავსებული კითხვარი გაეგზავნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ათ კვალიფიციურ პარტიას და ორ ახლად შექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას – „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი” და „სახელმწიფო ხალხისთვის”.
კითხვარის შევსებაზე უარი თქვეს „საქართველოს ლეობორისტულმა პარტიამ”, „პატრიოტთა ალიანსმა”, პარტიამ „სახელმწიფო ხალხისთვის”, „საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ” და ასევე მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო”.