ახალი ამბები

Chemikhma.ge: ქორწინების თანასწორობას მხოლოდ ერთი პარტია უჭერს მხარს

31 აგვისტო, 2016 • 1937
Chemikhma.ge: ქორწინების თანასწორობას მხოლოდ ერთი პარტია უჭერს მხარს

ვებგვერდ chemikhma.ge-ს კითხვარის მიხედვით, ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების უფლებას მხარს მხოლოდ ერთი პარტია “პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის გირჩი” უჭერს.

კითხვას, “დაშვებული უნდა იყოს თუ არა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება”, ცალსახად მხარდამჭერი პასუხი დააფიქსირა “პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის გირჩმა”.

კითხვას უარით უპასუხეს პარტიებმა: “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო”, “ეროვნული ფორუმი”, “მრეწველობა გადარჩენს საქართველოს”.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” განაცხადეს, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინების უფლება არ უნდა ჰქონდეთ, შესაძლოა უფლება ჰქონდეთ, რომ ისარგებლონ სამოქალაქო პარტნიორობით, მაგრამ ამ ურთიერთობას არ უნდა ეწოდოს ქორწინება/ოჯახი.

Chemikhma.ge „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მიერ შექმნილი ვებგვერდია, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში.

ვებგვერდზე განთავსებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 36 დახურული კითხვისგან შედგება. ასევე, მოცემულია ამ კითხვებზე საქართველოში მოქმედი 7 ძირითადი პოლიტიკური პარტიის პასუხები.

ამომრჩეველს ასევე საშუალება აქვს, შეავსოს იგივე კითხვარი და გაიგოს, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებებთან დგას იგი ყველაზე ახლოს. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ მომხმარებელს ვებგვერდი აჩვენებს შედეგს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან რამდენპროცენტიანი თანხვედრა აქვს.

Chemikhma.geს მიხედვით, კითხვარი გაეგზავნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ათ კვალიფიციურ პარტიას და ორ ახლად შექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას – „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი” და „სახელმწიფო ხალხისთვის”, თუმცა კითხვარის შევსებაზე უარი გვითხრეს შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა: „საქართველოს ლეობორისტული პარტია”, „პატრიოტთა ალიანსი”, „სახელმწიფო ხალხისთვის”, „საქართველოს კონსერვატიული პარტია”, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო”.

პ.ს. მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ ქორწინების თანასწორობას მხარს ორი პარტია უჭიერდა, “რესპუბლიკური პარტია” და “პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის გირჩი”. ვებ-გვერდის მიხედვით, “რესპუბლიკური პარტია” მხარს უჭერდა ქორწინებას, თუმცა მიაჩნდა, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს შვილის ყოლის/აყვანის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. დღის ბოლოს “რესპუბლიკური პარტიის” ფეისბუქ გვერდმა, პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადება გაავრცელა. რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნულ კითხვარში პარტიის პოზიცია არასწორადაა მოწოდებული და არ შეესაბამება პარტიის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს.

“როგორც ადრეც აღგვინიშნავს, რესპუბლიკური პარტია ეთანხმება სამოქალაქო კოდექსში არსებულ ჩანაწერს ქორწინების განსაზღვრებასთან დაკავშირებით, არ დაეთანხმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას და შესაბამისად, მოიწონა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ დაენიშნა რეფერენდუმი”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი