ახალი ამბები

რას ეკითხებოდნენ კონტროლის პალატაში გულუას თანაპარტიელებს

25 აპრილი, 2012 •
რას ეკითხებოდნენ კონტროლის პალატაში გულუას თანაპარტიელებს

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მინდია გულუას პარტია “განახლებული საქართველოსთვის” წევრები კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მხრიდან მათ დაკითხვას 12 მაისს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ.

“განახლებული საქართველოსთვის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ოძელის განცხადებით, კონტროლის პალატამ პარტიის წევრებისა და აქტივისტების დაკითხვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ მერიაში შეიტანეს განცხადება 12 მაისს აქციის გამართვასთან დაკავშირებით (აქცია, ორგანიზატორების თქმით, ოსთა, აფხაზთა და ქართველთა შერიგებას ემსახურება და მასში მონაწილეობას დევნილებთან ერთად ჩვეულებრივი მოსახლეობაც მიიღებს).

აღნიშნულის შესახებ დღეს პარტია “განახლებული საქართველოსთვის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი განცხადებით, ისინი გუშინ იყვნენ კონტროლის პალატაში, სადაც დაკითხვა 3 საათნახევარს გაგრძელდა.

“დაგვკითხეს ჩვენ, როგორც მოწმეები. გაოცებული დავრჩით კონტროლის პალატის “გულისხმიერებით”, რომ თურმე ისინი შეწუხებულები არიან იმით, თუ რას ვჭამთ სახლში, რა რაოდენობით ვჭამთ, როდის ვიცვამთ, რითი ვიკვებებით, რა თანხებს ვხარჯავთ სატელეფონო მომსახურებაში და ასე შემდეგ. მინდა მივმართო ხელისუფლებას, გააკეთოს ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკურ ფორმაციაში გვიხდება დღეს ჩვენ ცხოვრება. ოსების, აფხაზების და ქართველების შერიგება გარდაუვალი ისტორიული პროცესია, რაც ისედაც მოხდება – გააკეთოს ხელისუფლებამ განცხადება, აპირებს თუ არა, რომ ამ აქციას მხარი დაუჭიროს, სურთ თუ არა მათ, რომ საქართველოში ეს პროცესი დაიწყოს”, – განაცხადა ოძელმა.

პარტიის წევრი ლევან გვარმიანი კი აღნიშნავს, რომ დაკითხვაზე მათ აინტერესებდათ,   
2005–2006 წლებში რამდენი ჰქონდა შემოსავალი.

“საიდან მქონდა, სად ვმუშაობდი, რას ვაკეთებდი, რა ხარჯები მქონდა – ასეთი შეკითხვაც კი დამისვეს, წლიურად ხარჯი რამდენს შეადგენსო, რომელსაც ვერ დავადასტურებ, რადგან ხან ისეა, ხან – ასე. ასევე, 2007 წელს გარდამეცვალა დედა, ხარჯი მქონდა მეტი და ასეთი რამ მკითხეს, რა დაგიჯდა გასვენება, სასაფლაო და ასეთი შეკითხვებიც იყო. მე ვერ ვხვდები, რა კავშირი ჰქონდა, 2007 წელს რამდენი მქონდა მე შემოსავალი ან გასავალი, როდესაც ჩვენი პარტია დაფუძნდა 2011 წლის ნოემბერს”, – აღნიშნავს გვარმიანი.

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ კონტროლის პალატაში მოქალაქეების დაბარების საფუძველი არის ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ პირებს რაიმე სახის შემოსავალი და ქონება არ გააჩნიათ და არსებობს დასაბუთებული კითხვები მათ მიერ განხორციელებული შემოწირულობების კანონიერებასთან დაკავშირებით.

ამ შეფასებას არ ეთანხმებიან პარტიისთვის თანხის შემწირველები. ერთ–ერთი შემწირველი, პარტიის წევრი, რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია აღნიშნავს, რომ მას კარგი შემოსავლები აქვს და კიდევ აპირებს, ახლო მომავალში პარტიას 10  ათასი ლარი შესწიროს.    

“მე გადავურიცხე პარტიას თანხა 8 ათასი ლარის ოდენობით. მე ვარ მწერალი, რამდენიმე უცხოურ გამოცემასთან ვთანამშრომლობ, საიდანაც ვიღებ ჰონორარს. ვკითხულობ ლექციებს უმაღლესს სასწავლებელში, იქიდანაც მაქვს შემოსავალი. ახლა, თუ არ ვარ მინისტრი, ან მინისტრის მოადგილე, ეს არ ნიშნავს, რომ შემოსავალი არ მაქვს. მაქვს ძალიან ძლიერი ოჯახი რაიონში, იქაც კარგი შემოსავალი მაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქტების სახით, თხილი და ა.შ. სხვათა შორის, მაქვს კიდევ 10 ათასი ლარი შემონახული, რომელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ჩავრიცხავ პარტიის ანგარიშზე”, – აღნიშნავს პარტიის წევრი გვასალია.
 
ხოლო გვარმიანი აღნიშნავს, რომ მისმა ძმამ ბელორუსიდან გადმოურიცხა 9 900 დოლარი, საიდანაც 15 ათასი პარტიას გადაურიცხა.

მათივე განცხადებით, დაკითხვაზე აუდიო–ვიდეოჩაწერა განხორციელდა.

კონტროლის პალატამ პარტიის “განახლებული საქართველოსთვის” ექვსი წევრი (ოთხი ლიდერი და ორი მხარდამჭერი – აფხაზეთიდან დევნილი ომარ ჯონია და მამლეკ ხუცურაული) გუშინ დაიბარა. მათ მოწმის სტატუსით სამი საათის განმავლობაში კითხავდნენ და პარტიის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებთან დაკავშირებით შეკითხვებს უსვამდნენ.

ამავე თემაზე:

კონტროლის პალატაში მოქალაქეები ისევ დაიბარეს

კრასნოდარელი ბიზნესმენის “განახლებული საქართველო” 

მასალების გადაბეჭდვის წესი