ნეტგაზეთი | მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილებას ითხოვს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილებას ითხოვს – Netgazeti

მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილებას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი პლენუმს ე.წ. გახმაურებული საქმეების განხილვაში მონაწილეობისაგან თვითგანრიდების შუამდგომლობით მიმართავს. ე.წ. გახმაურებულ საქმეებში მოიაზრება “კაბელების საქმის” ფიგურანტების, გიგი უგულავასა და  რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელები.

“ვინაიდან მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები პერმანენტულად და დაჟინებით სვამენ კითხვის ნიშნებს ჩემს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, თუმცა იმავდროულად ჯიუტად არ აყენებენ აცილების შუამდგომლობას, აღნიშნული ქმნის ზეწოლის მცდელობის და მოსარჩელეთა იმ წარმომადგენლების მხრიდან, ვისაც გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი, სასამართლოს დამოუკიდბელობის თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ეჭვს. იმისათვის, რომ მხარის აშკარად და არაერთგზის მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება უარყოფითად არ აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციაზე და სანდოობაზე, თავს ვალდებულად ვთვლი მივმართო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ე.წ. გახმაურებულ საქმეების განხილვაში მოანწილეობისაგან თვითგანრიდების შუამდგომლობით”, – განაცხადა მოსამართლე ფაფიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილების ან თვითგანრიდების შესახებ განცხადება დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.

ფაფიაშვილის დედის შესახებ რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-ის გადაცემა PS-ში სიუჟეტი გავიდა.

“რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კიდევ ერთი მოსამართლე, რომელზეც შესაძლოა ზეწოლას პროკურატურა ახდენდეს – საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის თამაზ ურთმელიძის და მისი დედის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ნათია გუჯაბიძისა და მისი დედის გახმაურებული ისტორიების შემდეგ, რუსთავი 2-ისთვის ცნობილი ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ლალი ფაფიაშვილის დედის ისტორია გახდა. ლალი ფაფიაშვილის დედა ტატიანა ახვლედიანი ნოტარიუსია. ის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკითხვაზე პროკურატურაში იმყოფებოდა. რუსთავი 2-ს ინფორმაცია ტატიანა ახვლედიანმა რამდენიმე მცდელობის შემდეგ ინტერვიუში საუბრის დროს დაუდასტურა”, – ნათქვამია ზემოხსენებულ სიუჟეტში.

 

სიუჟეტს გამოეხმაურა მთავარი პროკურატურაც:

“საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, გვსურს განმარტება გავაკეთოთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ლალი ფაფიაშვილის დედაზე, ნოტარიუს ტატიანა ახვლედიანზე, პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტს. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com