შვედური მედია ”ჯეოსელის” მფლობელ კომპანია ”თელიასონერას” პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვადასხვა დიქტატორულ რეჟიმებთან თანამშრომლობაში ამხელს. ამ საკითხზე სპეციალური რეპორტაჟი შვედურმა ტელეარხმა SVT-მ მოამზადა.
”შვედეთის სატელეკომუნიკაციო მონოპოლისტმა ”თელიასონერამ” პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, უშიშროების სამსახურებს სარფიანი კონტრაქტების სანაცვლოდ, საკუთარ სისტემებზე წვდომის უფლება მისცა,” – წერს SVT -ზე დაყრდნობით გამოცემა The Local Sweden’s news in English.
შვედური ტელეარხის ინფორმაციით, შვედურ-ფინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი, რომელმაც ქართული კომპანია ”ჯეოსელის” წილების შესყიდვა 2002 წლიდან დაიწყო, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დიქტატორული რეჟიმებისგან დიდ ფულს შოულობს იმ პირობით, რომ ამ ქვეყნების უშიშროების სამსახურებს წვდომა ექნებათ კომპანიის სისტემებზე, რომლის მეშვეობითაც ისინი კონკრეტულ პირებს აკონტროლებენ.
შვედური მედია საუბრობს ”თელიასონერას” კავშირზე აზერბაიჯანში, ბელორუსში და უზბეკეთში. ამ ქვეყნებში ”თელიასონერას” კუთვნილმა მობილურმა კომპანიებმა ადგილობრივ უშიშროების სამსახურებს მისცეს საშუალება, მოესმინათ ოპოზიციონერი აქტივისტების სატელეფონო ზარებისთვის, გაეშიფრათ ქსელის მეშვეობით გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებები და სხვა სახის ციფრული ინფორმაცია.
ტელეარხი SVT იტყობინება, რომ აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე მხოლოდ იმის გამო დაიბარეს, რომ მან 2009 წლის “ევროვიზიის” კონკურსში ხმა სომხეთის წარმომადგენელს მისცა სატელეფონო ზარის მეშვეობით.
გამოცემა The Local Sweden’s news in English-ის ცნობით, ”თელიასონერას” პრესსპიკერმა სესილია ესდტრომმა შვედურ ტელეარხ SVT-ს განუცხადა, რომ ”პოლიციას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ქსელიდან. სხვადასხვა ქვეყანაში კი ეს კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება და პოლიციას დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად განსხვავებული უფლებამოსილებები აქვს მინიჭებული.”
”თელიასონერას” კიდევ ერთმა წარმომადგენელმა თომას ჯონსონმა შვედურ საინფორმაციო სააგენტო TT-ს განუცხადა, რომ ყველა ქვეყანაში სპეცსამსახურთა მუშაობას ადგილობრივი კანონები არეგულირებს, კომპანია კი იმ ქვეყნის კანონმდებლობას უნდა დაემორჩილოს, სადაც მუშაობს.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა კი სკანდალის კომენტირებისას ერთ-ერთ შვედურ გაზეთს განუცხადა: ”ზოგადად კარგია, როცა შვედური კომპანია განვითარებადი ქვეყნების სატელეკომუნიკაციო სისტემის განვითარებაშია ჩართული. გამართული სატელეფონო სისტემა, ვფიქრობ, ბელორუსის ოპოზიციას უფრო წაადგება, ვიდრე – ქვეყანაში მოქმედ რეჟიმს”.
შვედურ მედიაში ”თელიასონერასთან” დაკავშირებით აგორებული სკანდალის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელი ანდერს ნავინგერი შვედეთის ფინანსთა მინისტრმა პიტერ ნორმანმა ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა. როგორც წინაწარ არის ცნობილი, შეხვედრაზე უნდა განიხილონ კომპანიის მუშაობის პრინციპები ისეთ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის ნაკლებობაა.
”შოკისმომგვრელია, როცა ისინი საკუთარ ოფისში უშიშროების სამსახურებს უშვებენ,” – ეს განცხადება შვედურ სააგენტო TT-სთან გააკეთა ”თელიასონერას” ერთ-ერთი მფლობელი სადაზღვევო კომპანიის, Folksam-ის წარმომადგენელმა კარინა ლუნდბერგ მარკოვმა.
”თელიასონერამ” საქართველოში ”ჯეოსელის” აქციების შესყიდვა 2002 წლიდან დაიწყო. ”ჯეოსელის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ირმა ცქიტიშვილის თქმით, შვედურ-ფინური კომპანია ”ჯეოსელის” 100%-ს ფლობს. ”თელიასონერამ” 2011 წლის მაისში ერთი ბრენდის ქვეშ გააერთიანა მობილური კავშირგაბმულობის ათეულობით კომპანია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია განთავსებული. ”თელიასონერას” აბონენტთა საერთო რაოდენობა 150 მილიონს აჭარბებს, თანამშრომელთა რაოდენობა კი, 30 ათასს.
კომპანია ”ჯეოსელი” საქართველოში 2004 წლიდან უზრუნველყოფს შსს-ს საპატრულო პოლიციის მობილურ კავშირს. ”ჯეოსელის” კორპორატიული ნომრების სერვისით სარგებლობენ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების დიდი ნაწილი, პედაგოგები. “ჯეოსელის” დაფინანსებით მოწყობილი ე.წ. “მომავლის კლასები” საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
ქართული რადიო ”კომერსანტის” ცნობით, „ჯეოსელი“ 2011 წელს 101– მილიონიანი ჯარიმის გადახდას გადაურჩა. ეს ფაქტი „ჯეოსელის“ იურიდიულ სამსახურში ”კომერსანტს” ოფიციალურად დაუდასტურეს. კომპანიის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭომ „ჯეოსელს“ ეს დავალიანება ჩამოაწერა. არგუმენტი კი ის იყო, რომ არ დადასტურდა კანონის დარღვევის ფაქტი, რისთვისაც საგადასახადომ „ჯეოსელი“ რეკორდული თანხით დააჯარიმა. აღნიშნული ინფორმაცია ”ნეტგაზეთს” ირმა ცქიტიშვილმაც დაუდასტურა.
აბონენტების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე კომპანია “ჯეოსელი” ლიდერობს, მისი წილი ბაზარზე სამომხმარებლო სეგმენტში 44,3%-ს, კორპორაციულ სეგმენტში კი 52,5%–ს შეადგენს.