ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ალეკო ელისაშვილს ნაციონალური მოძრაობის პროექტს უწოდებს

29 აგვისტო, 2016 • 1332
ირაკლი კობახიძე ალეკო ელისაშვილს ნაციონალური მოძრაობის პროექტს უწოდებს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ალეკო ელისაშვილისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს და მას “ნაციონალური მოძრაობის პროქტს” უწოდებს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ალეკო ელისაშვილი გიგი უგულავას მერობის დროს არასდროს გამოდიოდა ისეთი პროექტების წინააღმდეგ, რასაც პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. კობეხიძემ დასძინა, რომ ამ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობას იღებს.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნისგან ბოდიშის მოხდა მას შემდეგ მოითხოვა, რაც  ირაკლი კობახიძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც,  2012 წლამდე “პარტიზანი მებაღე” ნატა ფერაძისა და ალეკო ელისაშვილისაგან ასეთი აქტიურობა არ ახსოვს.

“მე არ ვაპირებ ალეკო ელისაშვილთან პოლემიკაში შესვლას. რაც ერთხელ უკვე ვთქვი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2012 წლამდე ის აქტიურობა ნამდვილად არ მახსოვს, არც ალეკო ალისაშვილის, არც მისი თანამოაზრეების მხრიდან, რისი მომსწრეც ვართ ჩვენ 2012 წლის შემდეგ. ეს კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტებიც, მაგალითებიც შემიძლია მოგიყვანოთ. ზოგადად, ისიც შემიძლია, გითხრათ, როგორ კეთდებოდა ის პროექტები, რომლის ერთ-ერთი განსახიერებაც არის, მაგალითად, ალეკო ელისაშვილი. კარგად მახსოვს ძალიან, თუ როგორ შეიქმნა ალეკო ელისაშვილისგან რუსთავი 2-ის მიერ ხატი თბილისზე გულანთებული ადამიანის.  ეს ის დრო იყო, როდესაც რუსთავი 2-ის ეთერში ბუზი ვერ შეფრინდებოდა ნაციონალების ნებართვის გარეშე. ასე კეთდებოდა ეს პროექტები. ეს პროექტი დაიწყო 2012 წლამდე, წლების გამავლობაში გრძელდებოდა, და ეს პროექტი გრძელდება 2012 წლის შემდეგაც.

მაგალითი შემიძლია დამატებით მოგიყვანოთ- სპორტის სასახლის გარშემო გვახსოვს ყველას, რა ხდებოდა უგულავას მმართველობის პერიოდში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის ერთ-ერთი სიმბოლო უგულავას მიერ დამახინჯებული ქალაქის. თქვენ თუ შემიძლია დამისახელოთ ერთი კონკრეტული შემთხვევა მაინც, როდესაც ან ალეკო ელისაშვილმა, ან ნატა ფერაძემ, ან რომელიმე მათმა თანამოაზრემ გააპროტესტა ასეთი რამ, მაშინ მე შემიძლია ხელები ავწიო. მაგრამ ასეთი რამ რეალურად არ მომხდარა და ამ ყველაფრის მიზეზი ზუსტად ის იყო, რაც მე ვთქვი, ანუ იყო კონკრეტული პროექტები, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული დამკვეთი და სწორედ ამ პროექტების განმახორციელებლები იყვნენ მაშინაც ეგ ადამაინები და ამ პროექტების განმახორციელებლები არიან ისინი 2012 წლის შემდეგაც,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რას აკეთებდა 2012 წლამდე, ირაკლი კობახიძე შემდეგნაირად პასუხობს:

“იმ დროს, როდესაც ალეკო ელისაშვილი ჩართული იყო იმ პროექტების განხორციელებაში, რომლის დამკვეთიც მე უკვე დაგისახელეთ, მაშინ მე ყოველთვის გამოვხატავდი ჩემს პრინციპულ პოზიციას, ყოველთვის ვიყავი ჩართული სამოქალაქო აქტივობაში, დაწყებული აქციებით და მიტინგებით, დამთავრებული სხვა ფორმებით. მათ შორის, უნივერსიტეტში, სადაც მე ვასწავლიდი წლების განმავლობაში, ყოველთვის მკაფიოდ ვაფიქსირებდი ხოლმე პოზიციას. შეგახსენებთ, მაგალითად,  2010 წელს მე ვიყავი ერთადერთი პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელმაც გააპროტესტა ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც შეიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს კონსტიტუციაში. ამის გამო მე დავისაჯე კიდეც და მაშინ, როდესაც ალეკო ელისაშვილი ახორციელებდა ნაცმოძრაობის პროექტებს, მე გამომაგდეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან,”-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი