ახალი ამბები

აფეთქებას ბრიუსელის კრიმინოლოგიის ინსტიტუტთან მსხვერპლი არ მოჰყოლია

29 აგვისტო, 2016 • 1499
აფეთქებას ბრიუსელის კრიმინოლოგიის ინსტიტუტთან მსხვერპლი არ მოჰყოლია

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის კრიმინოლოგიის ინსტიტუტში 29 აგვისტოს, დილის 3 საათზე ბომბი ააფეთქეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

“ბიბისი” (BBC) იუწყება, რომ გამთენიისას კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე მანქანა შეიჭრა, სამი ღობე გადალახა, შემდეგ კი “ერთმა ან მეტმა ადამიანმა” ბომბი ააფეთქა.

BBC წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ არიან დღევანდელ აფეთქებაში ეჭვმიტანილები ან რა ბედი ეწიათ მათ. სახანძრო სამსახურის პრესსპიკერმა სააგენტო “ფრანს-პრესს” უთხრა, რომ ეს “ძალიან ძლიერი აფეთქება, სავარაუდოდ, შემთხვევითი არ იყო”. ცეცხლის ჩაქრობას 30 მეხანძრე ცდილობდა.

ბელგიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული 22 მარტის ტერაქტის შემდეგ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში – მაშინ ორმაგ აფეთქებას 32 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ე.წ “ისლამურმა სახელწმიფომ” აიღო.

როგორც BBC იუწყება, ბილალ ჰადფი, – ადამიანი, რომელმაც პარიზის “სტად დე ფრანსის” სტადიონთან 2015 წლის ნოემბერში თავი აიფეთქა, იმ გარეუბანში ცხოვრობდა, სადაც კრიმინოლოგიური ინსტიტუტი მდებარეობს.

ბელგიის პროკურატურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი