ქართული ტელესივრცის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა შოუმ ”ნიჭირმა” გუშინ, 23 აპრილს გასული გადაცემით კიდევ ერთხელ გააკვირვა მაყურებელი. შოუს ბოლო მონაწილემ, რომელიც ჟიურის ლიზას სახელით გაეცნო, ”ნიჭიერის” სცენაზე, დამსწრე აუდიტორიის წინაშე სტრიპტიზი იცეკვა. ლიზამ ცეკვა ბოძზე შეასრულა და გაშიშვლდა, მან ერთიანად მოხიბლა როგორც დარბაზი, ასევე ჟიურიც.
ნიჭიერის სცენაზე სტრიპტიზი პირველი არ არის. ერთ-ერთი სტრიპტიზ–კლუბის წარმომადგენელი ”ნიჭიერში” დიდი პოპულარობით გასულ წელსაც სარგებლობდა.
სიუჟეტი ეთერში გვიან ღამე გავიდა. გაშიშვლებული მოცეკვავის სხეულის ინტიმური ნაწილები დაფარული იყო, თუმცა, შოუს პოპულარობიდან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეროტიკულ ცეკვას, როგორც დაბაზში, ისე ტელევიზიის საშუალებით, უამრავი მოზარდი ადევნებდა თვალყურს.
იურისტ თამარ კორძაიას განმარტებით, ვინაიდან სიუჟეტი ეთერში თერთმეტი საათის შემდგომ გავიდა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებული ნორმა არ დარღვეულა. აქედან გამომდინარე, ბავშვთა უფლებების დარღვევის კუთხით ძნელია ეს სიუჟეტი სადავო გახდეს.
”საბავშვო საეთერო დრო 10 სააათზე მთავრდება, აქედან გამომდინარე, მშობელმა თვითონ უნდა განსაზღვროს, ამ დროის ამოწურვის მერე რას უყურებს მისი შვილი. ასევეა დარბაზში მსხდომი მოზარდების შემთხვევაშიც – ეს არის მშობლის პასუხისმგებლობა”, – ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია.
იურისტის მოსაზრებას იზიარებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.
”ვინაიდან დროის წყალგამყოფი დაცული იყო, ანუ საბავშვო საეთერო დროის ამოწურვის შემდგომ გავიდა სიუჟეტი, რთულია ილაპარაკო ეთიკის დარღვევაზე” – ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.
”ნიჭიერი” ლიზა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში, გულშემატკივარ მაყურებელს მისი ნახვის საშუალება ”ნიჭიერის” მეორე ტურში ექნება.