ახალი ამბები

26 შეკითხვა ხუთ მინისტრს

23 აპრილი, 2012 •
26 შეკითხვა ხუთ მინისტრს

ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის”, საქართველს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მოითხოვს, თვის ბოლო ხუთშაბათს, 26 აპრილს პარლამენტში სამთავრობო საათზე მოწვეულ იქნას ხუთი მინისტრი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.

ფრაქციას “ერთობა სამართლიანობისთვის” 26 შეკითხვა აქვს სამთავრობო საათზე დაბარებულ ხუთ მინისტრთან. შეკითხვები ადრესატებთან უკვე გაგზავნილია.

ფრაქციის ერთ–ერთი შეკითხვა იუსტიციის მინისტრისადმი ეხება კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზეზის დეტალურ განმარტებას.

ასევე, ფრაქციას აინტერესებს, აუნაზღაურდება თუ არა ბანკ “ქართუს” მიყენებული ზიანი სახელმწიფოს მხრიდან. აქ საუბარია იმ მატერიალურ ზიანზე, რომელიც, როგორც ფრაქციის კითხვაშია აღნიშნული, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში 2011 წლის შემოდგომაზე განხორციელებული ცვლილებებით, ბანკ “ქართუს” 200 მილიონი ლარის ოდენობით მიადგა.

ფრაქცია, იუსტიციის მინისტრთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოითხოვს პასუხს იმ საქმეზე, რომელიც  2011 წელს თბილისის სამმართველოს მე–3 განყოფილების თანამშრომლების მიერ დაკავებულ ძმებ ლაშა და ბექა ლუტიძეებს შეეხება. ფრაქციის წარმომადგენლების ინფორმაციით, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პოლიციის თანამშრომლებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და წაიყვანეს ქ. გორის შინაგან საქმეთა სამმართველოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში, თუმცა, “კვირის პალიტრის” ჟურნალისტის მიერ ზანდუკელის ქუჩაზე გარე დაკვირვების სათვალთვალო კამერის ინფორმაციის გადამოწმებისა და განსაჯაროების შედეგად, უტყუარად იქნა დადასტურებული ძმები ლუტიძეების უდანაშაულობა. ფრაქცია მინისტრებისგან მოითხოვს განმარტებას, რა სამართლებრივი შეფასება მისცა მომხდარ ფაქტს შსს–ს გენერალურმა ინსპექციამ და გადაუგზავნა თუ არა მასალები მთავარ პროკურატურას.

ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” ასევე მოითხოვს ვანო მერაბიშვილისგან, რათა მან დაადასტუროს ან უარყოს ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმ ფაქტთან დაკაბშირებით, რომელიც 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვითარდა.

კერძოდ, ივანიშვილის ერთ–ერთი განცხადებით, სააკაშვილის დავალებით ის მივიდა გიგა ბოკერიასთან, რათა გადაეფიქრებინა მისთვის ძალიან სარისკო გადაწყვეტილება (ბოკერია ითხოვდა ქართული ჯარების სამაჩაბლოში შეყვანას). ამ შეხვედრას, როგორც ივანიშვილის მონაყოლიდან ირკვევა, ვანო მერაბიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც ივანიშვილის მისამართით გამოხატა აღფრთოვანება, რადგან ბოკერიას მან გადააფიქრებინა ეს გადაწყვეტილება.

ფრაქცია მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს შეკითხვით, ფლობს თუ არა ინფორმაციას ფეთჰულაჰ გულენის წარსულისა და აწმყოს შესახებ. იცის თუ არა, რა მიზეზით იყო  ფეთჰულაჰ გულენი თურქეთის ხელისუფლების მიერ არაერთგზის დაპატიმრებული და აქვს თუ არა მას საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ზეგავლნის მოხდენის საშუალება.

რაც შეეხება სხვა მინისტრებისთვის გაგზავნილ შეკითხვებს: განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” მიმართავს, გაიზრდება თუ არა განათლების დაფინანსების წილი მთლიან შიდა პროდუქტში.

ხოლო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკა რურუასგან მოითხოვენ, გააცნოს საზოგადოებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ თურქეთის სახელმწიფოსთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, მან უკვე გამართა მინისტრებთან წინასწარი კონსულტაციები  სამთავრობო საათთან დაკავშირებით.

“ოთხ მინისტრთან მქონდა კონსულტაცია, ბატონი ზურაბი არ იმყოფებოდა საქართველოში და მას დღეს დაველაპარაკები. წინასწარი შეთანხმება არსებობს და ხვალ მე შემეძლება უკვე დავადასტურო სამთავრობო საათის გამართვის ფაქტი. იმ შემთხვევაში, თუ ეს დადასტურდება, მაშინ გთავაზობთ კოლეგებო, რომ პლენარული სხდომა ხუთშაბათს ჩავატაროთ და ხუთშაბათის სხდომა დასრულდება დღის მეორე ნახევარში სამთავრობო საათით”, – განაცხადა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
  
მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი კი აღნიშნავს, რომ ხვალ გადაწყდება, რა ფორმატით გაიმართება პარლამენტში დაგეგმილი სამთავრობო საათი.

“პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისთვის მთავარია, სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ნებისმიერ იმ კითხვასთან დაკავშირებით, რაც რეალურად არსებობს.

რაც შეეხება სამთავრობო საათს, მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელშიც ჩართულია როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები. ბუნებრივია, კონსულტაციების შემდგომ უკვე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ხვალ გადაწყდება, რა ფორმატით გაიმართება პარლამენტში დაგეგმილი სამთავრობო საათი”, – აღნიშნა ხუროშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი