ახალი ამბები

საია: პარლამენტისთვის მილიონები კორუფციულად დაიხარჯა

23 აპრილი, 2012 •
საია: პარლამენტისთვის მილიონები კორუფციულად დაიხარჯა

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” დღეს, 23 აპრილს გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის მშენებლობის მონიტორინგის შედეგები. ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით, მშენებლობისთვის გამოყოფილი 73 მილიონზე მეტი ლარი კორუფციულად დაიხარჯა.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” რამდენიმე თვის წინ მონიტორინგის გზით გადაწყვიტა გამოერკვია, რამდენად კანონშესაბამისად შენდება ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა, ასევე, რამდენად კეთილსინდისიერად იხარჯება მშენებლობისთვის გამოყოფილი 73’775’300 ლარი. აღნიშნულის გამოსარკვევად საია-ს ქუთაისის ფილიალმა ათეულობით საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, გარდა ამისა, ორგანიზაცია საჯარო ინფორმაციაზე პასუხის მიღებას ხშირ შემთხვევაში სასამართლოს მეშვეობით ცდილობდა.

საია აღნიშნავს, რომ პარლამენტის მშენებლობის მონიტორინგისას რამდენიმე ძირითად პრობლემას წააწყდნენ: 1. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა; 2. დაუსაბუთებელი გადამისამართება სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან; 3. საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადის დარღვევა; 4 . სასამართლოს პოზიცია და 5. თანხების ხარჯვის გაუმჭვირვალობა.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის განკარგულებით, პარლამენტის ასაშენებლად ხელშეკრულებების გაფორმების უფლება, ქუთაისის მერიის ნაცვლად, შპს ”სახელმწიფო მომსახურების ბიუროს” მიენიჭა, რომლის დირექტორიც დავით კაკაურიძეა, შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი კი სახელმწიფოა.

”აღნიშნული ცვლილებით იკვეთება, რომ ისეთი მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტის, როგორიც საქართველოს პარლამენტია, მშენებლობის კერძო კომპანიისთვის გადაბარება არსებითად ზრდის კანონდარღვევის, გაუმჭვირვალობის და არაანგარიშვალდებულების შესაძლებლობას,” – მიაჩნია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”.

არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტების აზრით, რადგან აღნიშნული კერძო კომპანია ბიუჯეტიდან ფინანსდება, ინფორმაცია მის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ კანონით საჯარო უნდა იყოს. საიას მიუღებლად მიაჩნია  ”სახელმწიფო მომსახურების ბიუროს” მიერ პარლამენტის ასაშენებლად განკუთვნილი ფინანსების გასაიდუმლოება.

”სახელმწიფო მომსახურების ბიუროს”  დირექტორი დავით კაკაურიძე აბსურდულად მიიჩნევს საიას ეჭვებს პარლამენტის ასაშენებლად განკუთვნილი თანხების კორუფციულ ხარჯვასთან დაკავშირებით.

”ეს სრულიად აბსურდია. ჩვენ მათთან გვქონდა სასამართლო დავა და მათ ვერაფერი დაამტკიცეს, ვერანაირი არგუმენეტები ვერ მოგვაწოდეს და წააგეს დავა. ეს აბსურდია და ამ დავას არ ვეთანხმები. სხვა კომენტარს ამ საკითხზე არ გავაკეთებ,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” დავით კაკაურიძემ. საიას ცნობით კი, საჯარო ინფორმაციაზე უარის შემდეგ სასამართლოში დაწყებული დავა ახლაც განხილვის პროცესშია.

საქართველოს პარლამენტის მშენებლობაში ჩართული სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის განცხადებაზე პასუხობდნენ, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.

”სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ცალსახად უგულვებელყოფენ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს მაშინ, როცა საქმე ეხება ისეთი სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე მშენებლობას, როგორიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და რომლის მშენებლობაზეც სახელმწიფო და ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 73’775’300 ლარი დაიხარჯა,” – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

გარდა ამისა, საიას ცნობით, ხშირად ირღვეოდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები და სხვადასხვა უწყებები, პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, იურისტებს სხვა უწყებებთან ამისამართებდნენ. სასამართლო კი ამ საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილის განხილვას დავის საგნის არარსებობის მოტივით წყვეტდა.

საიას მიაჩნია, რომ პარლამენტის მშენებლობისთვის გამოყოფილი 73 მილიონ ლარზე მეტი განიკარგა ბუნდოვნად და მაღალი ალბათობით კორუფციულად.

საიას იურისტი ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ ამის დასკვნის საფუძველი ორგანიზაციას თანხის ხარჯვის გაუმჭვირვალე პროცესი და  სამართლებრივი პროცედურების დაუცველობა აძლევს.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” 2010 წლის ნოემბერში ქუთაისის მერიისგან მოითხოვა პარლამენტის მშენებლობის ნებართვის, ასევე შენობის პროექტის ასლი, თუმცა ამ განცხადებაზე რეაგირება არ ყოფილა, რის გამოც საიამ სასამართლოსაც მიმართა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია ქუთაისის მერიას არ გააჩნდა.

იურისტებმა ანალოგიური მოთხოვნით მიმართეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას, ქუთაისის საკრებულოს, ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, საქრთველოს პარლამენტს, ეკონომიკის, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, თუმცა ორგანიზაციამ ყველა უწყებიდან ერთნაირი პასუხი მიიღო. სახელმწიფო უწყებები საიას პასუხობდნენ, რომ ეს ინფორმაცია მათთან არ ინახება და ინფორმაციის მისაღებად სხვა უფლებამოსილი ორგანოსთვის მიემართათ. ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი პასუხი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევაა.

საიას განცხადებით, იმედი იმისა, რომ პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამჭვირალე და ხელმისაწვდომი იქნებოდა, მათ მალევე გაუცრუვდათ.

პარლამენტის მშენებლობის მონიტორინგისას ორგანიზაციისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სასამართლო გადაწყვეტილებები წარმოადგენდა.

საია სახელმწიფო უწყებებიდან ითხოვდა ინფორმაციას, რა პირობებით მოხდა მშენებელი კომპანიების შერჩევა, ვის ეკუთვნოდა მიწა, რაზეც პარლამენტი შენდება, რა ფორმით  და კონკრეტულად რომელი ბიუჯეტიდან ირიცხება თანხები პარლამენტის ასაშენებლად და ა.შ. იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია აღნიშნული უწყებებიდან საიამ ვერ მიიღო, აღნიშნული საკითხები სასამართლოში გასაჩივრდა, თუმცა ხუთი საქმიდან ორის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე მიმდინარეობს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი საია-ს სარჩელები არ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი