ახალი ამბები

ნარმანია: სექტემბრიდან გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია დაიწყება

27 აგვისტო, 2016 • 1066
ნარმანია: სექტემბრიდან გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია დაიწყება

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციიის პროცესი სექტემბრიდან დაიწყება – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 26 აგვისტოს საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სწორედ გამწვანების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე მოჭრეს ხეები ყაზბეგის ქუჩაზე, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი და თბილისის მერიის წინ შიმშილობის აქცია მოჰყვა, პროკურატურამ კი გამოძიება დაიწყო. აქტივისტები მოითხოვდნენ მერიის გამწვანების სამსახურის უფროსისა და მოადგილის გადადგომას, ასევე სამსახურის რეორგანიზაციას.

როგორც თბილისის მერმა საკრებულოში განაცხადა, გამოძიების დასრულებამდე საკადრო გადაწყვეტილების მიღება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

თბილისის მერის თქმით, გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის წინადადება შემუშავებულია და საკრებულოს უკვე გადაეგზავნა.

„მე ეს წინადადებები თან მაქვს წარმოდგენილი და შემიძლია კიდევ ერთხელ ვისაუბრო მის ცალკეულ დეტალებზე, რათა ყველას ჰქონდეს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ. ვინაიდან ერთ-ერთი მოთხოვნა ბოლო პერიოდში ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციაა, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს პროცესი დაუყოვნებლივ დავიწყოთ. მით უმეტეს, რომ ეს კონცეპტუალური საკითხები და დებულების პროექტი მომზადებულია,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური გარდაიქმნება გარემოს დაცვის და მწვანე ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურად, სადაც სამი ახალი განყოფილება შეიქმნება.

„პირველი ეს იქნება გარემოსდაცვითი ღონისძიებების განყოფილება, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, მათ შორის ჰაერის, ხმაურის, ნარჩენებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. მეორე განყოფილება იქნება თბილისსა და მის შემოგარენში მერქნიანი და მწვანე ნარგავების მართვის განყოფილება, ხოლო მესამე იქნება გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მართვის განყოფილება,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, რეორგანიზაცია სექტემბრიდან დაიწყება და მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ახალი ბიუჯეტის პირობებში სამსახური განახლებული ფორმით შეუდგება მუშაობას.

26 აგვისტოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს უმრავლესობა არ დაეთანხმა ოპოზიციის ნაწილის, ნაციონალური მიძრაობის და დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ინიციატივას ნარმანიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ნარმანიას გადადგგომას ასევე ითხოვენ რესპუბლიკელები.

საკრებულოში დავით ნარმანიას გამოსვლა ხმაურის ფონზე წარიმართა. სხდომა ორჯერ შეწყდა, რა დროსაც დამსწრე პირები, რომელთაც თბილისის მერის მიმართ კრიტიკული განწყობა ჰქონდათ და სიტყვის გამოსვლა სურდათ, დარბაზიდან გააძევეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი