„თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ“ თბილისის უბნებში საფოსტო ყუთების დამონტაჟება დაიწყო.
ყუთების დამონტაჟება კამპანიის ”მიიღე გაზეთი სახლში” ფარგლებში დაიწყო.
„თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის” ინფორმაციით, მათ 2012 წლის მარტში კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, რესპონდენტთა 45% ჟურნალ-გაზეთების გამოწერის სურვილს აფიქსირებდა, ამიტომ ასოციაციამ გადაწყვიტა, იმ სადარბაზოებში, რომელთა მცხოვრებლებსაც პრესის გამოწერის სურვილი ექნებათ, საფოსტო ყუთები უსასყიდლოდ დაამონტაჟოს.
კამპანიას – „მიიღე გაზეთი სახლში“, „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“ პრესის გამავრცელებელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. გაზეთების გამოწერისთვის მსურველებმა სწორედ მათ უნდა მიმართონ.
მათი ინფორმაციით, დღეისთვის საფოსტო ყუთების 16 ბლოკია დამონტაჟებული, 8 საბურთალოსა და 8 გლდანის უბნებში. თითოეული ბლოკი 5 საფოსტო ყუთისგან შედგება. საფოსტო ყუთებთან ერთად, სადარბაზოებში მონტაჟდება სპეციალური ბანერები, რომელიც პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაციას შეიცავს.








