საპარლამენტო უმცირესობის, ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, მიმდინარე კვირას, ხუთშაბათს, 26 აპრილს პარლამენტში სამთავრობო საათზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი არიან დაბარებული.
როგორც უმცირესობის ფრაქციის თავმჯდომარემ “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა, მათ არაუგვიანეს 11 დღისა უკვე გააგზავნეს შეკითხვები.
“დღეს ბიუროს სხდომაზე პირადად მე შევახსენებ ბიუროს, რომ ხუთშაბათს უნდა გაიმართოს სამთავრობო საათი და, შესაბამისად, მოვითხოვ, რა ზომებია მიღებული იმისთვის, რომ ხუთშაბათს ჩაინიშნოს სხდომა. მოგეხსენებათ, ეს არის სასესიო კვირა და ამიტომ, როგორც ადრე მოგახსენეთ, 26 აპრილი უწევდა მიმდინარე თვის ბოლო ხუთშაბათს, რაც გათვალისწინებულია პარლამენტის რეგლამენტით და რეგლამენტის მოთხოვნების სრული დაცვით, არაუგვიანეს 11 დღისა გადავაგზავნეთ წერილობითი შეკითხვები ფრაქციის სახელით. უკლებლივ ფრაქციის ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა ამ კითხვების შემუშავებაში და ჩვენ ველით 26 აპრილს დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემას და, შესაბამისად, ამ კითხვების მოსალოდნელ პასუხებზე დამატებით შეკითხვებსაც ვამზადებთ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ლორთქიფანიძემ.
მისივე განცხადებით, 10 ძირითად შეკითხვას კიდევ დაემატა ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” მდივან გია ცაგარეიშვილის მხრიდან შეკითხვები.
შეგახსენებთ, გასულ თვეს, 29 მარტსაც გაიმრთა სამთავრობო საათი, თუმცა მაშინ დეპუტატების წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებს მინისტრების ნაცვლად მათმა მოადგილეებმა უპასუხეს. იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მივლინების გამო პარლამენტში ვერ გამოცხადდა, ხოლო ბოლო წუთს გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარლამნეტში აღარ მივიდოდა. როგორც მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძემ 29 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ვანო მერაბიშვილი სამთავრობო საათზე სამინისტროში შექმნილი ”ფორსმაჟორული სიტუაციის” გამო არ მივიდა.
ამ ფაქტის გამო ფრაქციამ “ერთობა სამართლიანობისთვის” პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადეს, რომ ხელმეორედ კვლავ დააყენებდნენ მინისტრების პარლამენტში სამთავრობო საათზე დაბარების საკითხს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სამთავრობო საათი შესაძლოა ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს დაინიშნოს.
ამავე თემაზე:
10 შეკითხვა მერაბიშვილს და ადეიშვილს
მერაბიშვილი პარლამენტში ”ფორსმაჟორული სიტუაციის” გამო არ მივიდა