ახალი ამბები

“ქართული ოცნების” ფორმალური თავმჯდომარე და ივანიშვილის ჯვარი [Video]

21 აპრილი, 2012 •
“ქართული ოცნების” ფორმალური თავმჯდომარე და ივანიშვილის ჯვარი [Video]

დღეს, 21 აპრილს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა, რომელშიც 1109 დელეგატი მონაწილეობდა.

პარტიის ყრილობას სხვადასხვა სფეროში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ “სახალხო კრების” ყოფილი წევრი და “ქართული აკადემიის” წარმომადგენელი გოგი ქავთარაძე, რომელმაც ივანიშვილის პარტიაში შესაძლო გაწევრიანებაზეც ისაუბრა. ასევე, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, მსახიობები ზაზა კოლელიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, გია კორკოტაშვილი და სხვები.

ბიძინა ივანიშვილი, თავის ესკორტთან ერთად, “ექსპო ჯორჯიაში”, სადაც მისი პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა უნდა გამართულიყო, ზუსტად დაწყების დროს – 15:00 საათზე მივიდა, თუმცა ყრილობის დაწყებამდე მას პრესის წინაშე კომენტარები არ გაუკეთებია. 


ბიძინა ივანიშვილს თან მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და უფროსი ვაჟი უტა ივანიშვილი ახლდნენ, რაც უფრო შესაძლებელს ხდიდა იმ პროგნოზის გამართლებას, რომლის თანახმადაც ივანიშვილის პარტიას ან მისი მეუღლე, ან მისი უფროსი ვაჟი ჩაუდგებოდა სათავეში. 

“მანამ, სანამ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები შევა და საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური უფლებები მიეცემა, ამ თანამდებობაზე სხვა ადამიანი უნდა აირჩეს. და ასეთ კანდიდატურად ბატონ ბიძინა ივანიშვილის, საინიციატივო ჯგუფის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დასახელდა ქალბატონი მანანა კობახიძე”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა, ივანიშვილის პოლიტიკრური გუნდის წევრმა.

იურისტ მანანა კობახიძის კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 1105–მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, თავი კი ოთხმა შეიკავა. კობახიძე პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანამდე უხელმძღვანელებს. შემდეგ კი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გახდება.

დღესვე “ექსპო ჯორჯიაში” გამართულ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებიც აირჩიეს: თამაზ ავდალიანი, ელისო ჩაფიძე, სოზარ სუბარი, გუგული მაღრაძე, გურამ ოდიშარია, ირაკლი სესიაშვილი, ივანე კიღურაძე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, გელა ხვედელიძე, ნოდარ ხადური, თედო ჯაფარიძე.

პარტიის დღევანდელ ყრილობაზე დამსწრე 1109–მა დელეგატმა ასევე დაამტკიცა დეკლარაცია და სარევიზიო კომისია.

სიტყვით კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც გამოვიდა, რომელმაც პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამომავლო გეგმებზე გააკეთა აქცენტი.

მისი თქმით, პარტია უახლოესი პერიოდის მთავარ ამოცანად ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას მიიჩნევს.

“ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის, მომავალი თაობების უსაფრთხოების, თავისუფლების და კეთილდღეობის გარანტირების აუცილებელი პირობაა”, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა.

მან ქვეყნის სოციალურ გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა: “ქვეყნის ბიუჯეტი უნდა ძლიერდებოდეს გადასახადების გადამხდელთა რაოდენობით და არა გადასახადების მოცულობის ზრდის ხარჯზე. დაუშვებელია საზოგადოების და სახელმწიფოს ურთიერთობები მიმდინარეობდეს მთხოვნელისა და მოწყალების გამცემის ურთიერთობის ფორმატში. სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს როგორც კერძო ფერმერული მეურნეობების განვითარებას, ასევე გლეხური მეურნეობების კოოპერირებას.”

თავის გამოსვლაში ივანიშვილი შეეხო მისი პარტიის სამომავლო ხედვას საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით.

“საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის საიმედო და პროგნოზირებად პარტნიორად უნდა იქცეს. საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა შესთავაზოს ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანად მოგვარების მწყობრი, მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე ორიენტირებული სტრატეგია. ქვეყნის უსაფრთხო არსებობას უნდა უზრუნველყოფდეს თანმიმდევრული, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის ქვაკუთხედიც არსებული სამხედრო საფრთხეების ადეკვატური შეიარაღებული ძალებია. საჭიროა სამხედრო ძალების განვითარება ეფუძნებოდეს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს”, – განაცხადა ივანიშვილმა. მან რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისა და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზეც გააკეთა აქცენტი.

პარტიის სადამფუძნებლო  ყრილობა ორსაათნახევარს გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კოალიციის წევრთა მიერ გაკეთდა კომენტარები. კოალიციის წევრმა, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დადებითად შეაფასა ბიძინა ივანიშვილის  გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარედ დროებით მანანა კობახიძის დანიშვნის შესახებ და აღნიშნა, რომ  იქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილს მიეცემა ფორმალურად პარტიის ხელმძღვანელობის საშუალება, იურისტი მანანა კობახიძე წარმატებული იქნება.

“დღეს მოხდა თავმჯდომარის არჩევა. ის, რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას არ აძლევს, ამითი არც ახალი პარტიისა და არც კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკური გეგმები არ იცვლება. არც ჩვენი წარმატების შანსები იცვლება. ახალ პარტიას გაუძღვება ის პოლიტიკური საბჭო, რომელიც იქნა არჩეული და თავმჯდომარე, ქალბატონი მანანა, რომელსაც წლების განმავლობაში დამტკიცებული აქვს, რომ ის არის პრინციპული ადამიანი. ის არის კარგი ორგანიზატორი. თუმცა მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილს მიეცემა ფორმალურად პარტიის ხელმძღვანელობის საშუალება, იქნება ის წარმატებული”, – განუცხადა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

პარტიის პოლიტიკურ საბჭოში ვერ მოხვდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია, თუმცა ის ამას მათ ერთგვარ სტრატეგიას უკავშირებს.  

“ეს არის განსხვავებული სტრატეგია, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, იმისთვის, რომ ხელი არ შეგვეშალოს სხვა გადაწყვეტილებების მისაღებად.” კითხვაზე, რა თანამდებობით რჩება ის “ქართულ ოცნებაში”, ბესელიამ უპასუხა, რომ ეს მოგვიანებით გამოჩნდება. მან ასევე დადებითად შეაფასა პარტიის თავმჯდომარედ იურისტ მანანა კობახიძის დანიშვნა:

 
“მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილება არის მიღებული. ჩვენ ყველაფერი გავიარეთ კანონის შესაბამისად. მთავარი აქცენტები კეთდებოდა იმაზე, რომ სამართლებრივი პროცედურები ზუსტად გაგვევლო იმისთვის, რომ პარტიის რეგისტრაციას ხელი არ შეშლოდა. ყველა დოკუმენტი მომზადდება ერთ კვირაში, იმისთვის, რომ პარტიის საბუთები დასარეგისტრირებლად გაიგზავნოს იუსტიციის სამინისტროში. ხელისუფლებას კი აღარ ექნება არანაირი საფუძველი იმისა, რომ მათ პარტიის დარეგისტრირებაზე უარი განაცხადონ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ადვოკატმა ბესელიამ.

თავად ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და აღნიშნა:

“დღეს ასე სჯობია, ასე ჩავთვალეთ საჭიროდ, ჩვენ ამის საშუალება გვაქვს, არჩევანი გავაკეთოთ კარგსა და უკეთესს შორის”.  

ხოლო ერთ–ერთი ჟურნალისტი ივანიშვილის რელიგიური მრწამსით დაინტერესდა და კითხა, ატარებდა თუ არა ის მართლმადიდებლურ ჯვარს.

დიალოგს უცვლელად გთავაზობთ:   

ჟურნალისტი: ძალიან ბევრი შეკითხვა გაჩნდა ინტერნეტში და საზოგადოებაში თქვენს რწმენასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გვითხრათ, ატარებთ თუ არა მართლმადიდებლურ ჯვარს?

ბიძინა ივანიშვილი: თქვენ თვითონ ლოცულობთ, დადიხართ ეკლესიაში?

ჟურნალისტი: რა თქმა უნდა.

ბიძინა ივანიშვილი: როდის იყავით ბოლოს სამებაში?

ჟურნალისტი: კვირას.

ბიძინა ივანიშვილი: ყველა კვირას იქა ვარ და როგორ ვერ მნახეთ?

ჟურნალისტი: გააჩნია, თქვენ სად დადიხართ, ბატონო ბიძინა?

ბიძინა ივანიშვილი: სამებაზე გიპასუხე მე.

ჟურნალისტი: მე სამებაში არ ვყოვილვარ, შეგიძლიათ ჯვარი გვაჩვენოთ?

ბიძინა ივანიშვილი: “მოსულა, მოსულა”

ჟურნალისტი: პოლიტიკა შოუა და არ გამიბრაზდეთ.

ბიძინა ივანიშვილი: გასაგებია, გასაგებია, მაგრამ მე მინდა დღეს გაჩვენოთ არა იმიტომ, რომ ჯვარი მაქვს, არამედ მე დღეს პატრაიარქთან ვიყავი და მან კარგი საჩუქარი გამიკეთა და იმასაც წარმოგიდგენთ.

ჟურნალისტი: დიდი მადლობა;

ბიძინა ივანიშვილი: დაწყნარდით?

ჟურნალისტი: კი.

ბიძინა ივანიშვილი: თუმცაღა თქვენგან არც ეს შეკითხვა იყო სწორი და არც ჩემგან ჯვრის ჩვენება იყო სწორი, მაგრამ მაინც არაუშავს. არ არის ეს სწორი საერთოდ და ბოდიში მოვიხადოთ ასეთი ქცევისთვის ორივემ. მე პირადად ასე მიმაჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი